კარტ-ბლანში ლატარიის კომპანიას

 
კარტ-ბლანში ლატარიის კომპანიას
 
2009 წლის 24 მარტს ლატარიის ბიზნესში თამაშის წესები რადიკალურად შეიცვალა. ყველა მოქმედ კომპანიას ლიცენზია ერთდროულად  შეუწყდა. "ჯეოლატს" - ერთწლიანი, "ფენიქსს" კი, როგორც მისი ხელმძღვანელი ხათუნა ხოფერია ამბობს, უვადო ლიცენზია გაუუქმდა. ამ მომენტისთვის "ფენიქსი" ლოტოს პარალელურად მომენტალური გათამაშების ამოქმედებასაც გეგმავდა. ორივე კომპანიას  სახელმწიფომ საქმიანობის დასასრულებლად 3 თვის ვადა მისცა. 2009 წლის 24 მარტს ლატარიის ბიზნესში თამაშის წესები რადიკალურად შეიცვალა. ყველა მოქმედ კომპანიას ლიცენზია ერთდროულად  შეუწყდა. "ჯეოლატს" - ერთწლიანი, "ფენიქსს" კი, როგორც მისი ხელმძღვანელი ხათუნა ხოფერია ამბობს, უვადო ლიცენზია გაუუქმდა. ამ მომენტისთვის "ფენიქსი" ლოტოს პარალელურად მომენტალური გათამაშების ამოქმედებასაც გეგმავდა. ორივე კომპანიას  სახელმწიფომ საქმიანობის დასასრულებლად 3 თვის ვადა მისცა. ამ მნიშვნელოვანი ცვლილების მიზეზი "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შესახებ" კანონის ახალი ინტერპრეტაცია გახდა. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ლატარიებისა და მომენტალური გათამაშების ლიცენზიის  მფლობელი მხოლოდ ერთი კომპანია შეიძლება იყოს. კომპანიას, რომელსაც ეს უფლება 10 წლით ენიჭება, ფინანსთა სამინისტრო არჩევს. აუცილებელი პირობების მომზადების შემდეგ 2009 წლის 15 აპრილს ფინანსთა სამინისტრომ ლიცენზიაზე ტენდერი გამოაცხადა. მსურველებს წინადადებების შესატანად ერთი თვე მისცეს. ვერც "ფენიქსმა" და ვერც "ჯეოლატმა" გართულებული სატენდერო პირობები ვერ დააკმაყოფილეს. მათ ჩათვალეს, რომ მონოპოლიურ სისტემაში საქმიანობის გაგრძელებისთვის ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა და ბაზარი ტენდერში მონაწილეობის გარეშე დატოვეს. "ფენიქსის" ხელმძღვანელი ხათუნა ხოფერია იხსენებს, რომ კომპანიის დახურვა მისთვის შოკი იყო. "მოვასწრებდით მომზადებას ტენდერისთვის, მაგრამ საკმაოდ დიდი კაპიტალდაბანდება იყო საჭირო. ვიპოვეთ ინვესტორი, მაგრამ ვიდრე მან მოამზადა თავისი წინადადებები, აპარატურის დასახელებები, აღწერილობები და ა.შ., დოკუმენტაციის შეტანა ვერ მოვასწარით",  -  ამბობს ხოფერია. მისი თქმით, სატენდერო პირობებში გარკვეული ხარვეზები იყო, თუმცა ამაზე საუბარს საჭიროდ არ თვლის. შპს "ჯეოლატის" ყოფილი ხელმძღვანელი ნიკო დოდაშვილი კი გადაწყვეტილებას, არ მიეღო ტენდერში მონაწილეობა, ასე ხსნის: "ამ ბიზნესის გაგრძელების სურვილი აღარ გვქონდა. თან უკეთეს საქმეს ვიწყებდი და ამიტომ აღარ მოვინდომე". "ლიბერალთან" სატელეფონო საუბრისას დოდაშვილი ამბობს, რომ საკმაოდ მომგებიანი ბიზნესის შემცვლელი "უკეთესი საქმე" ჯერაც არ დაუწყია და ამ ეტაპზე ძველ საქმიანობაზე მედიასთან საუბარი არ სურს. საბოლოოდ სატენდერო კომისიაში 5 კომპანიის განაცხადი აღმოჩნდა. თუმცა 12 ივნისს კომისიის სხდომაზე მხოლოდ შპს "ტექნოლოგია პლუსის" და შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" წინადადებები განიხილეს. შპს G-LOთ, შპს "ტოტო-ლოტო საქართველო" და შპს "საქართველოს ეროვნული ლატარიის კორპორაცია" ტენდერის მეორე ეტაპზე ვერ მოხვდნენ. ტენდერში "საქართველოს ლატარიის კომპანიამ" გაიმარჯვა და პირველად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. "ტენდერის პირობები არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ კონკურენტებს კომისია ორიგინალური და ექსკლუზიური წინადადებით მოეხიბლა. სახელმწიფოსთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ავტომატის ტიპები, პრინტერების ფერი და ბეჭდვის სისწრაფე. მათ თითქოს წინასწარ იცოდნენ,  როგორი უნდა ყოფილიყო გამარჯვებული კომპანია და წესებიც ამის მიხედვით შექმნეს", - ამბობს GIPA-ს ლექტორი, ეკონომისტი თენგიზ შერგელაშვილი. შპს "საქართველოს ლატარიის კომპანია" ტენდერის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე შეიქმნა. თბილისში ის 2009 წლის 8 მაისს დარეგისტრირდა. კომპანიის დამფუძნებელი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი შპს "ლექსორ კაპიტალ კორპია". ეს კომპანია ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. ქართული კომპანიის გენერალური დირექტორია ალექსანდრე გოგოხია. მართვას ქართველებთან ერთად ჰონკონგის ჯგუფი და ებრაული მხარე ახორციელებენ. კომპანიაში 250 მუდმივი თანამშრომელი მუშაობს და 4000-მდე სავაჭრო აგენტია ჩართული მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს ლატარიის კომპანიას" უპირატესობა იმის გამო მიანიჭა, რომ მან სახელმწიფოს ყველაზე მაღალი მოგების გარანტია მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდიდან ვიგებთ. სამინისტროდან ვერც წერილობით და ვერც სიტყვიერად ვერ მივიღეთ პასუხი, თუ სხვა რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩა ბაზრის ერთადერთი მოთამაშე. ტენდერში მონაწილეებს, საშემოსავლო ვალდებულებების ჩათვლით, 10 კრიტერიუმის მიხედვით აფასებდნენ. მაგალითად, პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ გეგმა, თუ რა პრინციპით განათავსებდნენ სავაჭრო ობიექტებს, რა ტიპის ტექნიკით აღიჭურვებოდნენ და როგორ უზრუნველყოფდნენ თამაშის უსაფრთხოებას. სატენდერო კომისიას უნდა განეხილა, თუ ვინ უკეთ დაიცავდა მომხმარებელს გაყალბებისგან. კანონმდებლობით,  ტენდერში მონაწილე კომპანიების მიერ წარდგენილი წინადადებები და შერჩევის კრიტერიუმები ყველასთვის ღია უნდა ყოფილიყო. თუმცა მოულოდნელად, ტენდერის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, მთავრობამ N74 დადგენილებით ლატარიის ლიცენზიის მოსაპოვებლად წარდგენილი სატენდერო წინადადებები დახურა და საიდუმლო გახადა. კონფიდენციალური ინფორმაციის გამო, ტენდერის ჩატარებიდან 10 თვის მერეც ბუნდოვანია, რა ტიპის კონკურენცია შედგა კომპანიებს შორის და რა გარანტიები მიიღო სახელმწიფომ გამარჯვებულისგან. "საქართველოს ლატარიის კომპანიამ" პირობა დადო, რომ ბილეთების გაყიდვით 10 წლის განმავლობაში 4,2 მილიარდი ლარის შემოსავალს მიიღებდა. 913 მილიონ ლარს კი ბიუჯეტში გადარიცხავდა. რა გათვლები აქვს კომპანიას, და რა მოხდება, თუკი კომპანიის შემოსავლები დაგეგმილზე ბევრად ნაკლები იქნება? - პასუხი ამ კითხვაზე არ გვაქვს, იმიტომ, რომ სახელმწიფომ ამ ინფორმაციის გაცემა აკრძალა. კანონი და სატენდერო პირობები გამარჯვებულს ცალსახად ავალდებულებს, რომ მან ბიუჯეტში მიღებული შემოსავლების 20%-ზე ნაკლები არ უნდა შეიტანოს. მარტივი გაანგარიშებით, "საქართველოს ლატარიის კომპანიამ", 4,2 მილიარდი ლარის თანაბრად მიღების შემთხვევაში,  10 წლის განმავლობაში ყოველდღე საშუალოდ 1,1 მილიონი ლარის ღირებულების ბილეთი უნდა გაყიდოს. "ვფიქრობთ, გამარჯვებულმა არარეალური ციფრები წარმოადგინა. ამხელა თანხის ამოღება უბრალოდ შეუძლებელია და გაუგებარია, რატომ მიანიჭეს უპირატესობა "საქართველოს ლატარიის კომპანიას", - ამბობდა ტენდერის დასრულებისას "ტექნოლოგია პლუსის" ადვოკატი დიმიტრი გაბუნია. ამერიკულ კომპანიას, რომელსაც საქართველოში "თიბისი ჯგუფი" წარმოადგენდა, სატენდერო პირობებთან და კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა, თუმცა გასაჩივრებისგან თავი შეიკავა. ეს ჯგუფი თავის პრეტენზიაზე დღესაც არ საუბრობს და აცხადებს, რომ ლატარიის თემა მისთვის დახურულია. ბაზრის ძველი მოთამაშეები კი იხსენებენ, რომ მათ მიერ გაყიდული ბილეთებიდან შემოსავალი კვირაში 50 ათასიდან 100 ათას ლარამდე მერყეობდა. უხეში გათვლებით, 10 წელიწადში ორივე ერთად 100 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებდა, რაც "საქართველოს ლატარიის კომპანიის" დანაპირებზე 42-ჯერ ნაკლებია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "ფენიქსის" და "ჯეოლატის", ასევე "საქართველოს ლატარიის კომპანიის" ფინანსურ შესაძლებლობებს შორის განსხვავება დიდია. ამ უკანასკნელს უპირატესობას არაკონკურენტული გარემოც აძლევს. ლატარიის კომპანია, უკვე 5 თვეა, ლატარიისა და მომენტალური გათამაშების ბიზნესში ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს. მას 8 სახის გათამაშება აქვს, მათ შორის 7 მომენტალური ლატარია და ლოტოს გათამაშება  -  მილიონ ლარზე მეტი ტირაჟით. დღემდე სხვადასხვა თანხა 9 ათასმა ადამიანმა მოიგო. მათ შორის ყველაზე დიდი პრიზი 105 000 ლარია. "საქართველოს ლატარიის კომპანიამ"  ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხების მინიმუმ 45% საპრიზო ფონდში უნდა მოათავსოს. თუმცა, როგორც ლატარიის კომპანიაში აცხადებენ, ეს თანხა 46,5%-ს  შეადგენს. გადასახადის სახით, ბიუჯეტში ლატარიიდან 21,5% შედის. დარჩენილი 32 პროცენტი კი ხარჯებსა და კომპანიის სუფთა მოგებაზე ნაწილდება. მოგების ზუსტი რაოდენობა კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს. ლატარიის კომპანია კანონით იღებს ვალდებულებას, რომ კულტურისა და სპორტის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს. ეს შენატანი ბიუჯეტში გადახდილი თანხის (მთლიანი შემოსავლის 21,5%-ის) 75% უნდა იყოს. თუმცა ამ თანხის კულტურის სამინისტროს ბალანსზე დარიცხვას არა "საქართველოს ლატარიის კომპანია", არამედ სახელმწიფო უზრუნველყოფს. მოხდება თუ არა ბიუჯეტში ჩარიცხული 100 ლარიდან 75 ლარის გადარიცხვა კულტურის სამინისტროს ბალანსზე, ამის კონტროლის მექანიზმიც მხოლოდ სახელმწიფოს აქვს. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ნაციონალური ლატარიის კომპანიების ვალდებულებები ქართული ვითარებისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. მაგალითად, "ბრიტანეთის ნაციონალური ლატარიის კომპანია", გადასახადის სახით, შემოსავლის 40%-ს იხდის. საპრიზო ფონდში 45%-ს მიმართავს. დაახლოებით 10% ხარჯებზე ნაწილდება, 5% კი კომპანიის მოგებაა. გადასახადებში გადახდილი 40%-დან 28% სოციალური და სხვა სახის დახმარებებისთვისაა განკუთვნილი და სახელმწიფოს მიერ სპეციალურად შექმნილ კომისიაში ირიცხება. ეს კომისია განკარგავს, თუ როგორ მოხდება ამ თანხების ხარჯვა. ქართული ლატარიის კომპანია, უცხოური ლატარიის კომპანიებისგან განსხვავებით, ნაკლებად იბეგრება. ის ისეთივე გადასახადებს იხდის, რასაც სხვა ტიპის საწარმოების უმრავლესობა საქართველოში. თუმცა თავად ლატარიის კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი გადასახადი უპრეცედენტოდ დიდია. "ჩვენი მიზანია, ყველას დავანახოთ, რომ სულ უფრო ბევრი ადამიანი იგებს. ეს იქნება ჩვენი წარმატების საწინდარი",  -  ამბობს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ წერეთელი. მისი განცხადებით, კომპანია ახლა მომხმარებლის ნდობის დაბრუნებაზე მუშაობს. ამის მიზეზი კი სათამაშო ბიზნესის შელახული იმიჯია. "არაკეთილსინდისიერი" კომპანიები ძველად მოსახლეობის ნდობით ბოროტად სარგებლობდნენ", - ამბობს წერეთელი. ხათუნა ხოფერია სხვაგვარად ფიქრობს. ის მიიჩნევს, რომ მისი კომპანია მოსახლეობას კეთილსინდისიერად ემსახურა და არასდროს გაუცრუებია ხალხის იმედი - "უბრალოდ, სამთავრობო დადგენილებებს და კანონში ცვლილებებს წინ ვერ აღვუდგებოდით. მე ძალიან მინდოდა, რომ დავრჩენილიყავი ამ საქმეში, მაგრამ როცა სახელმწიფო მოდის და ამბობს, -  მე ეს ბიზნესი მჭირდება ამ მასშტაბებში, - ვერ შეეწინააღმდეგები!" ეკონომისტი თენგიზ შერგელაშვილი სათამაშო ბიზნესის მონოპოლიზებას სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესად მიიჩნევს: "ახლა ყველანაირი ბიზნესი ხელისუფლების პოლიტიკურ ამოცანებთან არის დაკავშირებული, ფულის კეთებაც და არკეთებაც". რაში დასჭირდა სახელმწიფოს ლატარიის ბიზნესში სისტემის მონოპოლიზება? თავად სამთავრობო უწყების წარმომადგენლები ამაზე არ საუბრობენ. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, შეკითხვებზე არც  პარლამენტში კანონის ინიციატორებმა გვიპასუხეს. მათ ნაცვლად, ლატარიის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ავთანდილ წერეთელი განმარტავს: "საქართველო მოცულობით დიდი ქვეყანა არ არის. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ ადმინისტრაციული რესურსი რამდენიმე მხარეს მიმართოს, ურჩევნია, ერთი ოპერატორი ჰყავდეს. ამ ერთს გამოუცხადებს ნდობას და მკაცრად გააკონტროლებს". როცა ტენდერის წინადადებებს ადგენდა, ფინანსთა სამინისტრომ კარგად იცოდა, რომ ბაზარზე არსებული კომპანიები მათ დაკმაყოფილებას ვერ შეძლებდნენ, ვერ მოიზიდავდნენ საკმარის ინვესტიციებს ტენდერის მოსაგებად. კანონმდებლობის მხრივ ყველაფერი მომზადდა, რომ ბაზარზე ახალი, მსხვილი კომპანია შემოსულიყო და ლატარიის მართვა საკუთარ თავზე აეღო. ავთანდილ წერეთელი გვიხსნის, რომ ქართული ეკონომიკური გარემო მაინცდამაინც მომგებიანი არ არის და ლატარიის ბიზნესში ინვესტორთა ჯგუფის მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ის არ მალავს, რომ საქართველოში შექმნილი მონოპოლისტური სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი კომპანიისთვის. "ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი პირობა, რომ ჩვენ ინვესტორებს ტენდერში მონაწილეობა მიეღოთ და ქართულ ბაზარზე შემოსულიყვნენ. ძალიან კარგად ერგება ეს სქემა ჩვენს პრინციპებს", - ამბობს იმ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც, კლიენტებისგან განსხვავებით, მოგებას არსებობის პირველი დღიდან უკვე შეეჩვია. ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურთან პროფესიით ინჟინერი, 56 წლის თემური ისევ ლატარიის ბილეთს ყიდულობს. ეს პროცედურა უკვე მე-4 წელია, მეორდება და მისთვის ბაზარზე მოქმედ კომპანიას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი, სწრაფად გამდიდრების სურვილია. მიზნის მისაღწევად თვეში დაახლოებით 15 ლარს ხარჯავს, თუმცა 25 ლარზე მეტი თანხა ჯერ არ მოუგია, - "ლატარიის თამაშს მსუბუქი აზარტი აქვს. გინდა, რომ ჯეკპოტი მოიგო. ხანდახან 1 ან 2 ლარი არაფერი არ არის და უცებ შეიძლება 200 000-ად იქცეს. თამაშის წესი აქ ერთია - უნდა გაგიმართლოს!"