ირაკლი კირცხალია: ოპოზიცია და ენჯეოები გარე ძალების დავალებებს ასრულებენ

10 აგვისტო, 2026

 
ირაკლი კირცხალია: ოპოზიცია და ენჯეოები გარე ძალების დავალებებს ასრულებენ
 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია პრემიერ-მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კულტურის სფეროს ცალკეული წარმომადგენლები უცხოური ძალების, კერძოდ „დიფ სთეითის“ მითითებებს მიჰყვებიან.

კირცხალიას განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომის, ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციისა და ათობით ათასი დევნილის ფონზეც კი, მაშინდელ ხელისუფლებასა და მასთან აფილირებულ პირებს ანტირუსული განწყობები არ გამოუვლენიათ. პირიქით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დასრულებისთანავე დაიწყო რუსეთთან კულტურულ-ჰუმანიტარული და ეკონომიკური კავშირების აღდგენა, ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი და ხელი შეუწყო რუსული კაპიტალის შემოდინებას.

დეპუტატის თქმით, იმ პერიოდში დღევანდელი აქტივისტებისა და ხელოვანების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა არ ისმოდა. თუმცა, 2022 წელს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ეს ჯგუფები მკვეთრად გააქტიურდნენ და შეურიგებელ ანტირუსულ პოზიციაზე გადავიდნენ.

უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ეს ცვლილება არა პატრიოტიზმით, არამედ გარედან მიღებული დავალებებით არის განპირობებული. მისი თქმით, „გლობალური ომის პარტიას“ დასჭირდა რადიკალური განწყობების გაღვივება, რათა საქართველო და ევროპა მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში ჩართულიყო. კირცხალია ასკვნის, რომ პოლიტიკოსების, ენჯეოებისა და ხელოვანების იდენტური ქცევის მოდელი უბრალო დამთხვევა არ არის.