მთავრობამ მუნიციპალიტეტების დაფინანსება 52.7 მილიონ ლარამდე გაზარდა
10 აგვისტო, 2026
საქართველოს მთავრობამ რეგიონების მხარდაჭერის ფარგლებში 25 მუნიციპალიტეტის სუბსიდირების ბიუჯეტი გაზარდა. N1755 განკარგულების საფუძველზე, 26 თებერვლის N431 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რის შედეგადაც ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარების ჯამური მოცულობა 13 620 000 ლარით გაიზარდა და 52 720 000 ლარს მიაღწია.
სამთავრობო დოკუმენტის თანახმად, დამატებითი დაფინანსება სულ 12 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდა. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა შესაბამისი ასიგნებების უზრუნველყოფა.
განახლებული გეგმის მიხედვით, გამოყოფილი 52.7 მილიონი ლარი რეგიონებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდება: ჭიათურა მიიღებს 9 მილიონ ლარამდე (ზრდა 2 მლნ), ზუგდიდი – 6.22 მილიონამდე (ზრდა 3.72 მლნ), ტყიბული – 3.5 მილიონამდე (ზრდა 1 მლნ), ხონი და ვანი – 3.25-3.25 მილიონ ლარს (ზრდა 1-1 მლნ), ხოლო ბაღდათი – 3.15 მილიონს (ზრდა 1 მლნ). ჩხოროწყუს ბიუჯეტი 3.1 მილიონამდე გაიზარდა (ზრდა 1.1 მლნ), ჩოხატაურის – 3 მილიონამდე (ზრდა 500 ათასი), თერჯოლის კი 2.8 მილიონ ლარამდე (ზრდა 800 ათასი).
ცვლილებები ასევე შეეხო აბაშას (2.5 მლნ, ზრდა 500 ათასი), ამბროლაურსა (1.9 მლნ, ზრდა 500 ათასი) და ლენტეხს (2.5 მლნ, ზრდა 500 ათასი). დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის (ახმეტა, გურჯაანი, ლაგოდეხი, ყვარელი, სამტრედია, მარტვილი, მესტია, სენაკი, წალენჯიხა, ლანჩხუთი, თიანეთი, ონი და ცაგერი) დაფინანსების ოდენობა უცვლელი დარჩა.