ქართველი მოსწავლეების ისტორიული წარმატება IOAI 2026-ზე: 8 მედალი და მე-7 ადგილი მსოფლიოში
10 აგვისტო, 2026
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. 109 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ქართველმა მოსწავლეებმა ჯამში 8 ჯილდო მოიპოვეს — 2 ოქროს, 3 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი და 1 საპატიო სიგელი, ხოლო გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს საუკეთესო ათეულში, მე-7 ადგილზე გავიდნენ.
უმაღლესი ჯილდოები, ოქროს მედლები, ვლადიმერ კომაროვის სახელობის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ნიკოლოზ გეგენავამ და გიორგი მაისურაძემ მოიპოვეს. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ნიკოლოზ ყიფშიძე (136-ე საჯარო სკოლა), ანტონ ინგოროყვა და მათე რეხვიაშვილი (ორივე კომაროვის სკოლა). ბრინჯაოს მედლები ერგოთ ლუკა ბერიკელაშვილსა და ნიკოლოზ კილაძეს, ხოლო საპატიო სიგელი გიორგი ცქიტიშვილს გადაეცა (ყველა კომაროვის სკოლიდან).
საერთაშორისო ასპარეზობამდე ნაკრების წევრებმა მრავალთვიანი ინტენსიური მომზადება გაიარეს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) მოქმედ ტექ ოლიმპიადების ჰაბში. მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს მანქანური სწავლება, მონაცემთა მეცნიერება და AI ტექნოლოგიები. გუნდს სათავეში ედგა მთავარი მწვრთნელი შოთა ელყანიშვილი, თანახელმძღვანელებთან — ლუკა დარსალიასა და ნიკა მიქაბერიძესთან ერთად.
ახალგაზრდა ტალანტების წარმატების მთავარი მხარდამჭერი თიბისია, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემისა და განათლების განვითარებას. მსგავს პროექტებში ინვესტირებით კომპანია ქართველ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ თანამედროვე ცოდნა და ღირსეულად წარადგინონ საქართველო გლობალურ ასპარეზზე.