შსს გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს
10 აგვისტო, 2026
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის, გურამ დადიანიძის საქმის ირგვლივ ახალ დეტალებს გასაჯაროებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს პოლიციამ გამოკითხა პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღო. დადგინდა, რომ კადრები ჩაწერილია 2014 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, მაშინ როდესაც თანმხლები პირების თქმით, მოზარდი იმავე დღის დილის 04:00 საათისთვის გაუჩინარდა.
საგამოძიებო მასალების თანახმად, 2014 წლის 10 ივნისს, თემქის დასახლებიდან 16 მეზობელი ლომისობის დღესასწაულზე გაემგზავრა. რთული გზის გამო მათ მიკროავტობუსი სოფელ მლეთაში დატოვეს და ტაძრისკენ სვლა ფეხით განაგრძეს. სალოცავიდან უკან დაბრუნებისას, ღამის 2 საათისთვის, გურამ დადიანიძე ნათესავთან და ორ მეზობელთან ერთად ჩამოდიოდა.
ავტომობილამდე დაახლოებით 300-500 მეტრის დაშორებით, მოზარდი შესასვენებლად ქვაზე ჩამოჯდა და თანმხლებ პირებს სთხოვა, გზა გაეგრძელებინათ, რადგან დაწევას გეგმავდა. ვინაიდან საფრთხე არ არსებობდა, სამივე პირმა სვლა განაგრძო. თუმცა, მოზარდის დაყოვნების გამო, ერთ-ერთმა მეზობელმა სანათით მისი ძებნა დაიწყო, მაგრამ ადგილზე დაბრუნებულს გურამი აღარ დახვდა.
მოზარდს თან მობილური ტელეფონი არ ჰქონდა, რის გამოც მასთან დაკავშირება და ლოკაციის დადგენა ვერ მოხერხდა. მოწმეთა ჩვენებებით, მას არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. შემთხვევის ადგილზე ძალადობის კვალი არ აღმოჩენილა და არც შურისძიების მოტივი გამოკვეთილა.
შსს უარყოფს გავრცელებულ ცნობებს, თითქოს 2014-2017 წლებში ძებნა არ მიმდინარეობდა. უწყების განცხადებით, საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები თავიდანვე დაიწყო, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი პირი გამოიკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.