SJC: საქართველოში დასაქმებულთა წილი შემცირდა, ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა გაიზარდა
10 აგვისტო, 2026
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) 2024 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, ქვეყანაში გამოცხადებული ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, დასაქმების რეალური მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო იმ მოქალაქეთა ხვედრითი წილი, რომლებიც ეკონომიკურად აქტიურები არ არიან, საგრძნობლად გაიზარდა.
ორგანიზაციის განმარტებით, 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ეკონომიკურად აქტიური პირების წილი 2014 წლიდან 2024 წლამდე 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უმუშევრობა 16.1%-დან 13%-მდე შემცირდა, ამავე პერიოდში დასაქმების საერთო დონეც 53.4%-დან 48.3%-მდე დაეცა, რაც შრომის ბაზრიდან სამუშაო ძალის გადინებაზე მიუთითებს.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ დასაქმებულად ითვლება ნებისმიერი პირი, ვისაც კვირაში თუნდაც 1 საათი აქვს ნამუშევარი. შესაბამისად, 48.3%-იანი მაჩვენებელი სრულფასოვან შრომით პირობებს არ ასახავს. გარდა ამისა, მკვეთრია გენდერული უთანასწორობა: ქალთა დასაქმება 44.1%-ს შეადგენს, ხოლო კაცების — 53.2%-ს.
რეგიონულ ჭრილში ვითარება განსაკუთრებით მძიმეა. 13 მუნიციპალიტეტში უმუშევრობა 17%-ს აჭარბებს, მათ შორის არიან ოზურგეთი და ლანჩხუთი. ევროკავშირის საშუალო დასაქმების დონესთან (75.7%) შედარებით, საქართველოს 59.6%-იანი მაჩვენებელი (20-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში) საგრძნობლად ჩამოუვარდება, რაც ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.