ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კობახიძის განცხადებებს ეყრდნობა და თბილისისგან პასუხისმგებლობას ითხოვს

09 აგვისტო, 2026

 
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კობახიძის განცხადებებს ეყრდნობა და თბილისისგან პასუხისმგებლობას ითხოვს
 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში, რის გამოც პასუხისმგებლობა მთლიანად ქართულ სახელმწიფოს უნდა დაეკისროს.

დე ფაქტო უწყებამ აგრეთვე გააკრიტიკა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიცია, სადაც მოსკოვს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ. ცხინვალის წარმომადგენლებმა ამ შეფასებებს არალოგიკური და რეალობას აცდენილი უწოდეს.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი მოქმედებდა როგორც სახელმწიფოს მეთაური, შესაბამისად, 2008 წლის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს ეკისრება. ამასთანავე, ე.წ. სამინისტროში კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რუსეთის როლს და იგი რეგიონის უსაფრთხოების საიმედო გარანტად მოიხსენიეს, ხოლო თბილისს მოუწოდეს, თავი შეიკავოს მათი შიდა საქმეებისგან.