ზელენსკი: უკრაინას აშშ-ისგან Patriot-ის რაკეტების ყოველთვიურ მიწოდებაზე შეთანხმება აქვს
08 აგვისტო, 2026
უკრაინამ შეერთებულ შტატებთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებს ყოველთვიურ რეჟიმში მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგრადში, სერბეთის ლიდერ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის განმარტებით, ფართომასშტაბიანი ომის საწყის ეტაპზე უკრაინას ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად შესაბამისი შეიარაღება არ გააჩნდა. მან ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ანტიბალისტიკური სისტემების მთავარი მწარმოებელი სწორედ აშშ-ია, რის გამოც კიევმა ვაშინგტონთან აქტიური დიპლომატიური მუშაობა დაიწყო.
„შეუძლიათ თუ არა მათ ჩვენი დახმარება? ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მოგვაწვდიან თუ არა რაკეტებს ყოველთვიურად? დიახ, ამის შესახებ შეთანხმებული ვართ“, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთანავე, ქვეყნის პირველმა პირმა დასძინა, რომ მიუხედავად სტაბილური მიწოდებისა, მიღებული შეიარაღების რაოდენობა არსებული საფრთხეების მასშტაბიდან გამომდინარე მაინც არასაკმარისია.