საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება: მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი და შტორმი
25 ივლისი, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 ივლისის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის შუადღემდე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოსალოდნელია პერიოდული წვიმა ელჭექით, ზოგიერთ რაიონში კი ნალექი განსაკუთრებით უხვი იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, უხვი ნალექია მოსალოდნელი აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. ამასთან, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ხოლო შავ ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვაა პროგნოზირებული.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა წყლის დონის საგრძნობი მატება და მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. გარდა ამისა, მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების საფრთხე. სპეციალისტების შეფასებით, მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების საფრთხის დონე საშუალოა.