მცირე ბიზნესის ჯაჭვი: საქართველოს ბანკის ინოვაციური პროექტი ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად

11 აგვისტო, 2026

 
მცირე ბიზნესის ჯაჭვი: საქართველოს ბანკის ინოვაციური პროექტი ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად
 

საქართველოს ბანკის ინიციატივა „მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ თბილისში მოქმედ ადგილობრივ მეწარმეებს გაერთიანებასა და ცნობადობის ამაღლებაში ეხმარება. პროექტის კონცეფცია მარტივი და ეფექტურია: მონაწილე ობიექტებში განთავსებულია სპეციალური პოსტერები ფასდაკლების კუპონებით, რომლებიც მომხმარებლებს ჯაჭვში ჩართულ სხვა ობიექტებში გადამისამართებასა და შეღავათების მიღებაში ეხმარება.

წრის პირველი რგოლი დონატების ცნობილმა საცხობმა და კაფემ — Dodonut-მა შეკრა. ბრენდი, რომელიც ხარისხიანი პროდუქციითა და არომატული ყავით გამოირჩევა, უკვე ბათუმშიც არის წარმოდგენილი. კომპანიის დამფუძნებლის, ნინო ვარშანიძის თქმით, საქართველოს ბანკთან პარტნიორობა და სხვა მცირე ბიზნესების მხარდაჭერა დადებითად აისახება საკუთარი საქმის განვითარებაზეც.

Dodonut-იდან მომხმარებლის გზა სამეზობლო კოფიშოპ City Hikers-ისკენ მიემართება. ობიექტის დამფუძნებელი რატი ხაზალია აღნიშნავს, რომ მსგავსი კოლაბორაციები ეხმარება ბიზნესს, მოკლე დროში მიაღწიოს ფართო აუდიტორიამდე, გაზარდოს ცნობადობა და დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები.

პროექტის პირველ წრეში რამდენიმე პოპულარული ლოკაცია შედის, მათ შორის: Dodonut, City Hikers, Mob.Burgers, Sio Print, Lunatic, Wine Square, Maua.concept, Ganjina და JPG. კამპანიაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მცირე ბიზნესს, რომელსაც აქვს ფიზიკური სივრცე და სარგებლობს საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიშითა და POS ტერმინალით.