სახელმწიფო ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს

11 აგვისტო, 2026

 
სახელმწიფო ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს
 

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იშვიათი დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება. საქართველო იწყებს ცისტური ფიბროზის (მუკოვისციდოზის) სამკურნალოდ აუცილებელი, თანამედროვე მედიკამენტის დაფინანსებას, რაც პაციენტებისთვის სრულიად უფასო იქნება.

უწყების ხელმძღვანელის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უკვე გაფორმდა ოფიციალური შეთანხმება ფარმაცევტულ გიგანტ კომპანია „ვერტექსთან“. ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფო შეიძენს ინოვაციურ გენმოდულატორს, სახელწოდებით „ტრიკაფტა“, რომელიც ამჟამად დაავადების მართვისთვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება.

ცისტური ფიბროზი მძიმე გენეტიკური პათოლოგიაა, რომელიც ორგანიზმში სქელი ლორწოს წარმოქმნას იწვევს და უპირველესად სასუნთქ და საჭმლის მომნელებელ სისტემებს აზიანებს. პრეპარატი „ტრიკაფტა“ პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და 76%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას.

ინოვაციური მედიკამენტი ავტორიზებულია აშშ-ის (FDA) და ევროპის (EMA) წამლის სააგენტოების მიერ 2 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის. პრეპარატის მიწოდების პროცესი მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება.