ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი პერიოდი და მკაცრი ჯარიმები დაწესდება
12 აგვისტო, 2026
საქართველოში დამწყები მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდისა და შეზღუდვების დაწესება იგეგმება. აღნიშნული ინიციატივა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გაწერილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 5 აგვისტოს დაამტკიცა.
ახალი დოკუმენტის თანახმად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას ახალბედა მძღოლების მიმართ უფრო მკაცრი სამართლებრივი ზომები გატარდება. კერძოდ, იგეგმება ფინანსური სანქციების გაზრდა და მართვის მოწმობის ქულების უფრო დიდი რაოდენობით ჩამოკლება. ცვლილების მთავარი მიზანია დამწყებ მძღოლებში პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.
2024 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მომხდარი ავარიების 18%-ზე მეტი სწორედ იმ მძღოლების მიზეზით ხდება, რომლებსაც საჭესთან 4 წელზე ნაკლები გამოცდილება აქვთ. სპეციალისტების განმარტებით, გამოუცდელობა, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების სირთულე და რისკიანი ქცევა ახალბედა მძღოლებს მაღალი რისკის ჯგუფად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა აქტიურად გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებშიც, სადაც 2025 წლიდან დამწყები მძღოლებისთვის მცირე 2-წლიანი გამოსაცდელი ვადა მოქმედებს და დარღვევებზე მკაცრი სანქციებია დაწესებული.