AD BLACK SEA 2026: ბათუმი კრეატიული ინდუსტრიის საიუბილეო ფესტივალს თიბისის მხარდაჭერით უმასპინძლებს

12 აგვისტო, 2026

 
AD BLACK SEA 2026: ბათუმი კრეატიული ინდუსტრიის საიუბილეო ფესტივალს თიბისის მხარდაჭერით უმასპინძლებს
 

ბათუმი კვლავ რეგიონის კრეატიული ინდუსტრიის ცენტრად ყალიბდება. 10-12 სექტემბერს ზღვისპირა ქალაქი AD BLACK SEA-ის მე-10, საიუბილეო ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც მარკეტინგის, დიზაინისა და ტექნოლოგიების სფეროს წამყვან პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან შეკრებს.

ღონისძიების გენერალური პარტნიორი დაარსების დღიდან თიბისია. ბანკი უკვე ერთი ათწლეულია აქტიურად უჭერს მხარს კრეატიულ ეკოსისტემას, რადგან მიიჩნევს, რომ ინოვაციური და შემოქმედებითი ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების ფუნდამენტური საყრდენია.

ფესტივალის ფარგლებში თიბისი უკვე მეოთხედ გამოავლენს Young Creative-ის ნომინაციაში გამარჯვებულს, რაც ნიჭიერ ახალგაზრდებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს. კონკურსში ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 27 აგვისტოა.

თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ლიდერის, მაკუნა თავბერიძის თქმით, AD BLACK SEA უკვე 10 წელია აერთიანებს იდეებსა და გამოცდილებას. მისი განმარტებით, Young Creative-ის კატეგორია სწორედ ახალი თაობის ქართველი შემოქმედების საერთაშორისო პოტენციალის რეალიზებას ემსახურება.

წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა ON THE EDGE, რაც ასახავს თანამედროვე სამყაროს გარდამავალ ეტაპს, სადაც გაურკვევლობა ახალი შესაძლებლობების საწყისი ხდება. ღონისძიებაზე 1 500-მდე დელეგატი შეიკრიბება, ხოლო 13 კატეგორიაში საუკეთესო პროექტებს 30-ზე მეტი უცხოელი ჟიურის წევრი შეაფასებს. სპიკერებს შორის იქნებიან სფეროს ისეთი გლობალური ფიგურები, როგორებიც არიან დევიდ დროგა, სინდი გელოპი, ნატაშა ჯენი და სხვა ცნობილი პროფესიონალები.