ხანძარი ახალციხეში: ელექტრობოძს ცეცხლი გაუჩნდა — მოსახლეობა უშუქოდ დარჩა
12 აგვისტო, 2026
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩაზე საგანგებო შემთხვევა მოხდა. 11 აგვისტოს, საღამოს საათებში, ელექტროგადამცემ ბოძს ცეცხლი წაეკიდა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ინციდენტის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ელექტროსადენები კაკლის ხის ტოტებს ეხებოდა, რამაც ნაპერწკლები და ხანძარი გააჩინა. შეშინებულმა მოსახლეობამ დახმარებისთვის სამაშველო სამსახურს დაუყოვნებლივ მიმართა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება და ლიკვიდირება დროულად შეძლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.