განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“: უცხოეთის 3 მოქალაქეს უვადო პატიმრობა ემუქრება
12 აგვისტო, 2026
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების ხელშეწყობის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ფლობდნენ დიდძალ „მეთადონს“. მათ ნარკოტიკი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეფუთეს და ქუთაისსა და წყალტუბოში, სხვადასხვა სამალავში განათავსეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 75 შეკვრა „მეთადონი“ აღმოაჩინეს, ხოლო მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან დამატებით 249 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულებს სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.