აშშ-ის სასამართლომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ქართველ კაპიტანს პატიმრობა და დეპორტაცია მიუსაჯა

12 აგვისტო, 2026

 
აშშ-ის სასამართლომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ქართველ კაპიტანს პატიმრობა და დეპორტაცია მიუსაჯა
 

ამერიკის შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალი ტანკერის, Marinera-ს (ყოფილი Bella 1) ქართველ მეთაურს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია მიესაჯა. გამოცემა Maritime Executive-ის ცნობით, განაჩენი აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდ Munro-ს კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობასა და დაუმორჩილებლობას უკავშირდება.

საქართველოს 47 წლის მოქალაქე, ავთანდილ კალანდაძე, 318 ათასზე მეტი ტონის ტვირთამწეობის მქონე ხომალდს 2025 წლის ბოლოს ხელმძღვანელობდა. ვენესუელის მიმართულებით მოძრავი ცარიელი ტანკერი აშშ-ის სანაპირო დაცვამ შეაჩერა, თუმცა გემი ბრძანებას არ დაემორჩილა და ატლანტის ოკეანისკენ გაიქცა. დევნის პროცესში ხომალდმა სახელი შეიცვალა, Marinera დაირქვა და აცხადებდა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავდა. საბოლოოდ, გემი იანვარში შეაჩერეს და შოტლანდიაში გადაიყვანეს.

საგამოძიებო მასალების თანახმად, სამხრეთ კორეაში აგებული ეს ხომალდი წლების განმავლობაში არალეგალურ ნაოსნობაში მონაწილეობდა და მრავალჯერ შეიცვალა სახელი თუ მფლობელი. 2024 წელს ვაშინგტონმა სანქციები დააწესა მისი მფლობელი კომპანიის მიმართ, რისი მიზეზიც „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებული აკრძალული ტვირთების გადაზიდვა გახდა.

ბრალდების მხარის განცხადებით, კალანდაძის მეთაურობის პერიოდში ტანკერმა აზიაში 1.8 მილიონ ბარელამდე ირანული ნავთობი გადაზიდა. კაპიტანი აქტიურად იყენებდა შენიღბვის მეთოდებს, მათ შორის ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის (AIS) გათიშვასა და გემის დასახელების დაფარვას ღია ზღვაში ტვირთის გადატვირთვისას.

კალანდაძეს მაქსიმუმ 5 წლით პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა დანაშაულის აღიარების შემდეგ სასამართლომ მას 10 თვე მიუსაჯა. რაც შეეხება უშუალოდ ტანკერს, იგი აშშ-ში ბუქსირით გადაიყვანეს, მოგვიანებით სახელი Era ეწოდა და ამჟამად კომპანია Global Marketing Systems-ის მფლობელობაშია, სადაც ხომალდის სტატუსად „დაშლას დაქვემდებარებული“ ირიცხება.