ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩოხატაურში: ცნობილია წარმატებული მოსწავლეების შედეგები
13 აგვისტო, 2026
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის წარმატებით დასრულების შედეგები შეჯამდა. გამოვლინდნენ სკოლები, რომელთა კურსდამთავრებულებმაც ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველ ადგილზე დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლა გავიდა. ამ სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირეს — 10 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
საპრიზო ადგილების ლიდერებშია ასევე ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, სადაც კურსდამთავრებულებს 9 ოქროს მედალი ერგოთ.
წარმატებული შედეგები აჩვენეს სოფლის სკოლებმაც: ნოდარ დუმბაძის სახელობის ჯვარცხმის საჯარო სკოლამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ხიდისთავისა და საჭამიასერის სკოლებმა — 2-2 ოქროს მედალი. თითო ოქროს მედალი დაიმსახურეს ბუკისციხის, კოხნარის, ქვენობნის, შუა ამაღლებისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.