ნარკოდანაშაული და იარაღის უკანონო ფლობა: ბრალი 135 პირს, მათ შორის უცხოელებს წაუყენეს
13 აგვისტო, 2026
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის, ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 135 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ბრალდებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებებს უკანონოდ იძენდნენ, ინახავდნენ, აფასოებდნენ და სხვადასხვა სამალავში ათავსებდნენ. დაკავებულთა ნაწილი უშუალოდ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებითაც იყო დაკავებული.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკისა და სპეცოპერაციების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სოლიდური ოდენობის ჰეროინი, კოკაინი, მეთადონი, ბუპრენორფინი, გამომშრალი მარიხუანა, კანაფი, პრეგაბალინი და MDMA. გარდა ამისა, ამოღებულია დაფასოებისთვის განკუთვნილი დამხმარე ნივთები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციას, საზღვარზე უკანონოდ შემოტანასა და იარაღის უკანონო ფლობას ითვალისწინებს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა პატიმრობა, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.