„იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი“: ემიგრანტი ბავშვებისთვის ახალი პროექტი შეიქმნა
13 აგვისტო, 2026
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ოჯახებისთვის მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნება ხშირად დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამ საკითხის საპასუხოდ, „საქართველოს ბანკმა“ წამოიწყო საგანმანათლებლო ინიციატივა — „იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი“, რომლის მიზანია ემიგრანტმა ბავშვებმა ენა ბუნებრივ და საყვარელ გარემოში ისწავლონ.
პროექტის კონცეფცია ეფუძნება ძილის წინ მოსასმენ მუსიკას, სადაც მარტივი სიტყვები და ფრაზები თავდაპირველად ბავშვისთვის ნაცნობ ენაზე გაჟღერდება, ხოლო შემდგომ ქართულად. ეს მეთოდი პატარებს ეხმარება, მშობლიური ენის ლექსიკა უკვე ნაცნობ მნიშვნელობებსა და ყოველდღიურ სიტუაციებს იოლად დაუკავშირონ.
ამ ეტაპზე სპეციალური იავნანები სამ ენაზე — ინგლისურად, იტალიურად და ბერძნულად მომზადდა. აუდიო-ვიდეო ჩანაწერების მოსმენა ნებისმიერ მსურველს YouTube-ის პლატფორმაზე შეუძლია.
ინიციატივა „საქართველოს ბანკის“, კრეატიულ სააგენტო „სუპერმარკეტისა“ და Heima Production-ის ერთობლივი ნამუშევარია. ბანკი კვლავ აქტიურად აგრძელებს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების მხარდაჭერას და მათთვის სამშობლოსთან სულიერი და კულტურული ძაფების განმტკიცებას.