ვანდალიზმი ვაშინგტონში: მეორე მსოფლიო ომის მემორიალი წითელი საღებავით შეღებეს

14 აგვისტო, 2026

 
ვანდალიზმი ვაშინგტონში: მეორე მსოფლიო ომის მემორიალი წითელი საღებავით შეღებეს
 

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, ეროვნულ მოლზე განთავსებული მეორე მსოფლიო ომის მემორიალი ვანდალური თავდასხმის ობიექტი გახდა. უცნობმა პირებმა ობიექტის შადრევანი საპნის ქაფით აავსეს, ხოლო კედელზე წითელი საღებავით გააკეთეს წარწერა: „სუფთა ხელები, ბინძური ფული“.

მომხდარ ინციდენტს ოფიციალურად გამოეხმაურა აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტი. უწყების განცხადებით, სამართალდამცავები ადგილზე მუშაობენ და მიმდინარეობს აქტიური გამოძიება, რათა ამ სამარცხვინო და ამაზრზენ ქმედებაში დამნაშავე პირები გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ.

მომხდარს მწვავე შეფასებები მოჰყვა საზოგადოებრივ და ვეტერანთა ორგანიზაციებში. მემორიალის მხარდამჭერ ორგანიზაციაში ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყანაში პროტესტისა და აზრის გამოხატვის მრავალი ლეგიტიმური გზა არსებობს, თუმცა დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის შებღალვა დაუშვებელია.

„უცხოეთში მებრძოლი ომის ვეტერანების“ წარმომადგენლებმა კი აღნიშნული აქტი შეაფასეს როგორც უდიდესი უპატივცემულობა და პირდაპირი შეურაცხყოფა იმ სამხედროებისა და მათი ოჯახების მიმართ, რომლებმაც სამშობლოს უდიდესი მსხვერპლი შესწირეს.