გერმანიის ვიზების დაპირება და მითვისებული თანხები — მარნეულში თაღლითობისთვის 2 პირი დააკავეს

14 აგვისტო, 2026

 
გერმანიის ვიზების დაპირება და მითვისებული თანხები — მარნეულში თაღლითობისთვის 2 პირი დააკავეს
 

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, სპეცღონისძიებები სხვადასხვა დროს განხორციელდა.

გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთი დაკავებული თანასოფლელებს გერმანიის სამუშაო ვიზების დამზადებას ჰპირდებოდა. მან თითოეულ დაზარალებულს წინასწარ 1 500 ევრო გამოართვა, თუმცა პირობა არ შეასრულა და მოქალაქეთა კუთვნილ თანხებს თაღლითური გზით დაეუფლა.

რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ბრალდებულმა ისარგებლა ახლობელი ადამიანის ნდობით, რომელსაც უძრავი ქონების გამოსყიდვის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. მან ბინის მესაკუთრისთვის გადასაცემად 8 000 ლარი გამოართვა და აღნიშნული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც არაერთგზის ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს და სასჯელის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.