ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა - განცხადების დეტალები

14 აგვისტო, 2026

 
ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა - განცხადების დეტალები
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მერიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ყოფილი მერი თავის მიმართვაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის პერიოდს აჯამებს და აღნიშნავს, რომ არასრულ ერთ წელიწადში არაერთი მასშტაბური და ადგილობრივებზე ორიენტირებული პროექტი განხორციელდა. მისივე განცხადებით, ბიუჯეტის ათვისებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების მაჩვენებლით ოზურგეთი საქართველოს მასშტაბით მოწინავე სამეულში დამკვიდრდა.

პაატა კუნჭულიამ ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ სირთულეებზეც. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციური მედიის მხრიდან თავდასხმების გარდა, გარკვეული გულისწყვეტა გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივი თანამდებობის პირების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი პრობლემების ფონზე სათანადო მხარდაჭერა ვერ იგრძნო, რამაც მის გადაწყვეტილებაზე გარკვეული გავლენა იქონია.

„ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა... მადლობა თითოეულ თანამშრომელს და ჩემს ძვირფას ოზურგეთელებს. განსაკუთრებული მადლობა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის – მე ყოველთვის ვიყავი და სულ დავრჩები „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად“, — აცხადებს პაატა კუნჭულია.