ჩოხატაურელი თემო სიხარულიძე ბელგიის ლუვენის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ისწავლის
14 აგვისტო, 2026
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნიდან ევროპის წამყვან საგანმანათლებლო ცენტრამდე — ახალგაზრდა მკვლევარი თემო სიხარულიძე ბელგიის პრესტიჟული ლუვენის უნივერსიტეტის (KU Leuven) სტუდენტი გახდა. მან სრული, 100%-იანი სასწავლო გრანტი და ყოველთვიური სტიპენდია მოიპოვა, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, მთელი ყურადღება სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას დაუთმოს.
თემომ სასკოლო განათლება ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის №1 საჯარო სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის საბაკალავრო პროგრამა წარჩინების დიპლომით დაასრულა. სწავლის პარალელურად, იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა — ჯერ კიდევ სტუდენტობისას, ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ ინგლისურ ენაზე საქართველოს, ამერიკისა და მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა, მოგვიანებით კი ამავე სკოლის ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა.
აკადემიური გზა მან თსუ-ის მაგისტრატურაში განაგრძო, სადაც მისი კვლევის მთავარ მიმართულებად შუა საუკუნეები და ბიზანტიის იმპერიის ისტორია იქცა. ახალგაზრდა მეცნიერი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, იგი წარმატებული მოაზროვნეა და თავის გუნდთან ერთად ინტელექტუალური თამაშის — „რა? სად? როდის?“ საქართველოს ჩემპიონია.
„მჯერა და იმედი მაქვს, რომ ახალი ცოდნითა და გამოცდილებით დავუბრუნდები სამშობლოს და მთელ ჩემს პოტენციალს კვლავ საკუთარი ქვეყნის უკეთეს მომავალს მოვახმარ“, — აცხადებს თემო სიხარულიძე.