ოზურგეთის მერმა თანამდებობა დატოვა — რას უკავშირდება პაატა კუნჭულიას გადადგომა
14 აგვისტო, 2026
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ ინფორმაცია ყოფილმა მერმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
საკუთარ განცხადებაში კუნჭულიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ყოფნა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მისივე თქმით, ოპოზიციური მედიის მხრიდან მიმდინარე კამპანიისა და შექმნილი სირთულეების ფონზე, მან ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სათანადო მხარდაჭერა და თანადგომა ვერ იგრძნო, რამაც მის საბოლოო გადაწყვეტილებაზე გარკვეული გავლენა იქონია.
მერის გადადგომას ოპოზიციური სპექტრი უკვე გამოეხმაურა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბესო ქათამაძის განცხადებით, კუნჭულია მმართველ გუნდში არსებულ შიდა დაპირისპირებას შეეწირა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნულ პროცესში ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის, გურიის მხარის რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძისა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიას როლზე მიუთითებს.