თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიული შენობა თითქმის 35 მლნ ლარად გასხვისდა

14 აგვისტო, 2026

 
თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიული შენობა თითქმის 35 მლნ ლარად გასხვისდა
 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი წარმატებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე უძრავი ქონება 34 810 000 ლარად გაიყიდა. ობიექტის საწყისი ფასი 14.08 მილიონ ლარს შეადგენდა.

საუბარია შალვა დადიანის N2-სა და კოტე აფხაზის N1-ის კვეთაზე განთავსებულ 478 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს. აღნიშნულ მისამართზე 2025 წლის ივნისამდე NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, რომელიც რეორგანიზაციის შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, ახალმა მესაკუთრემ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის (48 თვის) ვადაში ადგილზე არანაკლებ 5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ბიზნეს-პროფილის განვითარება — სასტუმროს, საოფისე სივრცეების, სავაჭრო ან კვების ობიექტების ამოქმედება.

გარდა საინვესტიციო ვალდებულებებისა, მყიდველი ვალდებულია ერთი თვის ვადაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ან თბილისის მერიასთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება გააფორმოს.