გრიგოლ ლილუაშვილის საქმე: მოწმემ სუს-ის ყოფილი უფროსისთვის თანხის გადაცემა დაადასტურა

14 აგვისტო, 2026

 
გრიგოლ ლილუაშვილის საქმე: მოწმემ სუს-ის ყოფილი უფროსისთვის თანხის გადაცემა დაადასტურა
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მოწმემ თანხის გადაცემის ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პროკურორის განმარტებით, მოწმის მიერ მიწოდებული ჩვენება სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და ბრალდების დადგენილებაში აღწერილ გარემოებებთან. ჩვენების მიხედვით, პირს უშუალო შეხება ჰქონდა ლილუაშვილთან, რომლის დავალებითაც ბიზნესმენებისგან გარკვეული ფინანსების მობილიზება ხდებოდა.

ბერძენიშვილის თქმით, პროცესზე დაკითხულმა პირმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ მოითხოვა რომეო მიქაუტაძემ თანხა და როგორ შეინიღბა ეს პროცესი „სახელმწიფო ინტერესის“ მოტივით. მოწმემ ასევე ისაუბრა იმ სოლიდური თანხის აკუმულირებასა და გადაცემაზე, რომელიც ბრალდებაში ფიგურირებს. გარდა ამისა, დასაკითხ პირთა სიაშია თურქი ბიზნესმენიც, რომელიც გამოძიების ეტაპზე ქვეყანაში არ იმყოფებოდა.

რაც შეეხება რომეო მიქაუტაძის დისტანციურ დაკითხვას, პროკურატურის განცხადებით, ეს მოწმის პირადი არჩევანია, რათა მან თავისუფალ გარემოში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე შეძლოს ობიექტური ინფორმაციის გაჟღერება. დაცვის მხარის მოთხოვნით, მოწმის უშუალო დასწრების უზრუნველსაყოფად, სასამართლო სხდომა ორშაბათამდე გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ედება, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.