გომისმთის გზაზე ავარიისას დაშავებული უცხოელი ტურისტები კლინიკიდან გაწერეს

14 აგვისტო, 2026

 
გომისმთის გზაზე ავარიისას დაშავებული უცხოელი ტურისტები კლინიკიდან გაწერეს
 

კურორტ გომისმთიდან მომავალ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტების მკურნალობის პროცესი წარმატებით დასრულდა და ისინი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. ინფორმაციას „მედალფას“ ჩოხატაურის კლინიკა ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 12 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებული უცხოელი მოქალაქეები გურიისა და აჭარის რეგიონის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს. მათ შორის, სამ პაციენტს ჩოხატაურის საავადმყოფოში ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და გადაუდებელი დახმარება.

დაშავებულთა მდგომარეობას ადგილზე პირადად გაეცნო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. გარდა ამისა, კლინიკაში იმყოფებოდნენ ბელარუსის ელჩი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ექიმების შეფასებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოს დატოვების შემდეგ, ბელარუსის საელჩოს უფროსი მრჩევლის ხელშეწყობით, მოქალაქეები ქობულეთში, სასტუმროში გადაიყვანეს.