დავით საგანელიძის მოსკოვური ამბავი: „აქეთ ხარ გადასარჩენი!“ – როგორ გაუშვა მთავარმა ექიმმა სამსახურიდან
16 აგვისტო, 2026
ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, დავით საგანელიძე, პროფესიით ექიმია. ის თავისი კარიერის ადრეულ ეტაპზე საკმაოდ წარმატებულ მედიკოსად ითვლებოდა, სანამ თეთრი ხალათი დეპუტატის მანდატზე არ გაცვალა და პაციენტების მკურნალობის ნაცვლად, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო.
საგანელიძის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც იგი მოსკოვში მოღვაწეობდა. სწორედ ამ დროიდან იხსენებს ის ერთ სახალისო, თუმცა დაძაბულ ეპიზოდს:
„მოსკოვში მუშაობა პირველ ონკოლოგიურ ცენტრში, ბლოხინის სახელობის კლინიკაში დავიწყე. როგორც იქნა, დადგა ნანატრი დღე და ოპერაციის გაკეთების შესაძლებლობა მომეცა. ბუნებრივია, ავღელდი და სახლში მისვლისთანავე სამედიცინო ლიტერატურაში ჩავეფლე, რათა რაიმე შეცდომა არ მომსვლოდა. დილით ადრე უნდა წავსულიყავი, ოპერაცია მელოდა... და უცებ, საღამოს შვიდმა კაცმა მომაკითხა! დღეს ყველა მათგანი ცნობილი ადამიანია — მერაბ კაკულია, ზაზა ნიშნიანიძე და სხვები. მათ საქართველოდან ჩამოტანილი პროდუქტები მოიტანეს, დიდებული მამაპაპური სუფრა გაშალეს და ყანწები მოიმარჯვეს.
— დავით, ოპერაციას ვის უკეთებ? — მომიარეს შორიდან. — ნიკულინია გვარად. ბიჭებო, დღეს არ დავლევ, არ მინდა სამსახურიდან გამაგდონ.
მეგობრები ქეიფს შეუდგნენ, მე კი საწოლისკენ გავეშურე, რათა კარგად გამომეძინა. შუაღამემდე ვიწრიალე, ძლივს ჩამეძინა და უცებ ვგრძნობ, ვიღაც მაჯანჯღარებს და მაღვიძებს. წამოვდექი, შუქი ანთებულია და შეწუხებული სახეებით მიყურებენ:
— სიმღერა არ გამოგვდის, მეორე ხმა გვაკლია. ან შენით ადექი, ან ძალით აგაყენებთ! პატრონი მოკვდომია იმ ნიკულინს!
მოკლედ, სიმღერაში გამითენდა. საბედნიეროდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მივედი სახლში და ისევ მომადგნენ არყის ბოთლებით ხელში:
— დავით, გვაპატიე, საქმე გაგიფუჭეთ, — ჩამოუშვეს ცხვირები, — აი, ნიკულინის შესანდობარი დავლიოთ. მაშინვე შემოგაკვდა თუ იწვალა საწყალმა? — არ მომკვდარა, გადარჩა! — დავუწყე დამშვიდება. — აბა, გადარჩენის დავლიოთ!
ორი დღის შემდეგ მივედი სამსახურში, საშინელ „პახმელიაზე“ ვარ, თავი მისკდება. მთავარმა ექიმმა შემამჩნია და მეუბნება:
— წადი სახლში, წადი! შენ ვინ უნდა გადაარჩინო, აქეთ ხარ გადასარჩენი!“