კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: „მთავარი კანონის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობაა“

17 აგვისტო, 2026

 
კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: „მთავარი კანონის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობაა“
 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით ბოლო დროს გაჩენილ კითხვებს უპასუხა. დედაქალაქის მერის განცხადებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კანონის, კერძოდ კი „ოკუპაციის შესახებ“ კანონის, სრულ დაცვას ემსახურება.

კალაძემ მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიცია და მათი განცხადებები, რომლებსაც „არასახელმწიფოებრივს“ და „მტრულს“ უწოდა. მისი თქმით, ოპოზიციური ძალები მუდმივად ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან „უსამშობლო ადამიანები“ არიან და „გარედან იმართებიან“, მოქმედებენ როგორც „აგენტურა“. „საქართველო მათთვის უბრალოდ ტერიტორიაა, მათ არ აქვთ სამშობლოს განცდა“, – აღნიშნა კალაძემ.

მისი განმარტებით, „ოკუპაციის შესახებ“ კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს ქმედებების ფარგლებს და ხელისუფლება არასდროს სცდება ამ ჩარჩოებს. კალაძემ ხაზი გაუსვა ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება აფხაზებთან თანაცხოვრებისა და ქვეყნის ერთიანობის აღსადგენად, იქნება ეს სამედიცინო დახმარება, საწვავის მიწოდების ხელშეწყობა თუ სხვა მნიშვნლოვანი საკითხები.

რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიას, რომელიც აფხაზეთს საწვავს აწვდის, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ საქართველოში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, განსხვავებით 2012 წლამდელი პერიოდისგან, როდესაც „ბიზნესზე შეტევა, ტერორი და ქონების წართმევა“ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მთავარი მოთხოვნა ბიზნესსექტორის მიმართ არის ის, რომ მათი ყველა გადაწყვეტილება და ქმედება კანონის ფარგლებში ჯდებოდეს.

„ჩვენ ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, – დაასკვნა თბილისის მერმა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების პრიორიტეტები.