ქართველი ტექ-ტალანტების ტრიუმფი IOI 2026-ზე: 2 მედალი და 2 სიგელი თიბისის მხარდაჭერით
17 აგვისტო, 2026
საქართველოს ნაკრების ტრიუმფი ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2026) კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ახალგაზრდების გამორჩეულ ნიჭსა და პოტენციალს ტექნოლოგიების სფეროში. თიბისი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ტექ-ოლიმპიადებს, ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი იყო, რაც ახალგაზრდა ტალანტებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის გამოჩენის შესაძლებლობას აძლევს.
ტაშკენტში გამართულ პრესტიჟულ შეჯიბრზე, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა პროგრამისტები შეიკრიბნენ, ქართველმა მოსწავლეებმა ქვეყანას ორი მედალი და ორი საპატიო სიგელი მოუტანეს. ანდრია ვასაძემ ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ვლადიმერ ფრანგიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა. ნიკოლოზ მელიქიშვილი და მათე რეხვიაშვილი საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ოთხივე წარმატებული მოსწავლე ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ აღსაზრდელია.
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOI) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ავტორიტეტულ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო შეჯიბრად ითვლება. ის მაღალი კლასის მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაში, ურთულესი ამოცანების გადაჭრით.
ქართული ნაკრების მომზადება თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, „ტექ ოლიმპიადების ჰაბის“ ინიციატივით განხორციელდა. მოსამზადებელი ინტენსიური პროგრამა თბილისში, ბაკურიანსა და BTU-ს ბაზაზე ჩატარდა. მოსწავლეები აქტიურად მუშაობდნენ ოლიმპიადის სპეციფიკაზე მორგებულ ალგორითმულ ამოცანებსა და პრაქტიკულ ქეისებზე. მათ მენტორობას გამოცდილი სპეციალისტები, პროფესორი გიორგი მანდარია, ბაქარ გამეზარდაშვილი და თარაშ დოლაბერიძე უწევდნენ.
IOI წარმოადგენს იმ ხუთ პრიორიტეტულ ოლიმპიადას შორის ერთ-ერთს, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ არის აღიარებული. საქართველო ამ ოლიმპიადაში გუნდებით 1996 წლიდან მონაწილეობს. ნაკრების შემადგენლობა ინფორმატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების შედეგებისა და დამატებითი შესარჩევი ტურების საფუძველზე ყალიბდება. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის ქართველი მოსწავლეების შერჩევა, მომზადება და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა ხორციელდება სამინისტროს მხარდაჭერითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით.
თიბისისთვის განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პრიორიტეტია. კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში, ამაღლებს მათ პრაქტიკულ უნარებს და ამზადებს საერთაშორისო წარმატებებისთვის.