ურეკის დატბორვა: უხვი ნალექი და სანიაღვრე სისტემის მწვავე პრობლემა კურორტზე

17 აგვისტო, 2026

 
ურეკის დატბორვა: უხვი ნალექი და სანიაღვრე სისტემის მწვავე პრობლემა კურორტზე
 

გურიის ზღვისპირა კურორტი ურეკი 18 აგვისტოს დილით უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა, რამაც ცენტრალური ქუჩები და საცხოვრებელი თუ კომერციული ობიექტების პირველი სართულები წყლით აავსო. ადგილობრივი მოსახლეობა არსებულ მდგომარეობას წლების წინ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის ხარვეზებს უკავშირებს და სრულყოფილი სანიაღვრე სისტემის არარსებობაზე ამახვილებს ყედღებას.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები, ლალი თავართქილაძე აცხადებს, პრობლემა ხუთი წლის წინ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტის ბრალია. მისი თქმით, საფეხმავლო ბილიკების ხელოვნურად აწევამ ქუჩის დონეზე, ქუჩა ერთგვარ არხად აქცია, რაც მცირე ნალექის დროსაც კი წყლის დაგროვებასა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვას იწვევს. „ეს არის იმ უკუღმართად გაკეთებული პროექტის ბრალი... საფეხმავლო ბილიკები მაღლა ასწიეს ორივე მხარეს, ქუჩა კი დაბლა დარჩა და უხვი ნალექისთანავე ყველა ობიექტი იტბორება, რაც ქუჩაზეა,“ – აღნიშნავს ქალბატონი ლალი, რომელიც ხაზს უსვამს შესრულებული სამუშაოს უხარისხობას და პროფესიონალიზმის ნაკლებობას.

მოსახლეობის განცხადებით, ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული აწეული ბილიკები და ცემენტის ბურთები, რომლებიც სავარაუდოდ, წყლის შეკავებას ემსახურება, კიდევ უფრო ამძაფრებს პრობლემას, რადგან ყველა ობიექტი „ჩიხში“ აღმოჩნდება. ისინი უკვე მეხუთე წელია, მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან და მოუწოდებენ ხელისუფლებას, დროულად მოაგვაროს არსებული მდგომარეობა, რადგან ხშირი დატბორვები მატერიალურ ზარალს აყენებს მათ და სამაშველო სამსახურების მუდმივ ჩართულობას მოითხოვს.

ურეკის კიდევ ერთი მკვიდრი, ვახტანგ მეგრელიშვილი, პრობლემის ძირითად მიზეზად სანიაღვრე სისტემის სრულ არარსებობას ასახელებს. მისი თქმით, ნალექის დიდი რაოდენობას არსებული მცირე არხები ვერ ატარებს, რაც იწვევს გუბეების წარმოქმნას და სახლების დატბორვას. „სანიაღვრე სისტემა აქ საერთოდ არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა. თან ურეკში,“ – აცხადებს მეგრელიშვილი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე კანალიზაცია, ცენტრალიზებული წყალმომარაგება და გაზიფიცირება მოწესრიგებულია, სრულფასოვანი სანიაღვრე სისტემის არარსებობა უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ის მოუწოდებს სპეციალისტებსა და მაღალი დონის სახელმწიფო უწყებებს, განიხილონ ეს რთული საკითხი და მოძებნონ გრძელვადიანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ზღვისპირა კურორტის სპეციფიკიდან გამომდინარე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ურეკში, დავით რობაქიძემ, დაადასტურა, რომ მთელი დღის განმავლობაში დატბორილ ოჯახებს ეხმარებოდა. მისი თქმით, ზღვისპირა ზონისთვის უხვი ნალექი უჩვეულო არ არის, თუმცა აღნიშნა, რომ არავინ არ უნდა დაზარალდეს. მან სამაშველო სამსახურების ოპერატიულ მუშაობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ ამინდის გაუმჯობესება მდგომარეობას შეამსუბუქებს.