ჩოხატაურის მერიის რეორგანიზაცია: ირაკლი ახობაძე აუდიტის სამსახურის უფროსად დაინიშნა

18 აგვისტო, 2026

 
ჩოხატაურის მერიის რეორგანიზაცია: ირაკლი ახობაძე აუდიტის სამსახურის უფროსად დაინიშნა
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე მასშტაბური საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები გრძელდება. ამ პროცესის ფარგლებში, ზედამხედველობის სამსახური ოფიციალურად გაუქმდა, რის ნაცვლადაც მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ჩამოყალიბდა. აღნიშნულ ახალ სტრუქტურას ყოფილი პოლიციელი, მალხაზ მამალაძე უხელმძღვანელებს.

როგორც "გურია ნიუსთან" საუბარში სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ახობაძემ განაცხადა, რეორგანიზაციის გამო ის დროებით სამსახურის გარეშე დარჩა, თუმცა მისი კარიერა მუნიციპალიტეტში ახალ ეტაპზე გადადის.

„რეორგანიზაცია იყო და აქედან გამომდინარე, დროებით დავრჩი სამსახურის გარეშე. გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აუდიტის სამსახურის უფროსად დავინიშნე. ეს ადგილი ვაკანტური იყო“, – განმარტა ირაკლი ახობაძემ.

მისივე თქმით, ჩოხატაურის მერიაში სტრუქტურული გარდაქმნები ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მოსალოდნელია დამატებითი ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ დრომდე მაია პაიჭაძე ასრულებდა.