ოზურგეთის საკრებულოდან წევრები ტოვებენ თანამდებობებს: ოპოზიციის განცხადებები და მერის კანდიდატი

18 აგვისტო, 2026

 
ოზურგეთის საკრებულოდან წევრები ტოვებენ თანამდებობებს: ოპოზიციის განცხადებები და მერის კანდიდატი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკადრო ცვლილებები გრძელდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს წევრმა ტატა ბარამიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თათია ნიკოლაიშვილის განცხადებით, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. როგორც ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, ყოფილი თანამდებობის პირის, პაატა კუნჭულიას წასვლის შემდეგ, არაერთმა მისმა კადრმა დატოვა პოსტი და ეს პროცესი კვლავაც აქტიურ ფაზაშია.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა ნაწილი, რომლებიც პაატა კუნჭულიას გუნდს წარმოადგენდნენ, საკრებულოს ტოვებს“, – განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა მედიასთან საუბრისას.

პარალელურად, აქტიურად განიხილება ოზურგეთის მომავალი მერის კანდიდატურა. ნიკოლაიშვილის თქმით, ამ თანამდებობაზე ბიზნესმენების, ვანო ჩხარტიშვილისა და ბეგი სიორიძის კადრის, გია ანთაძის შესაძლო დანიშვნა განიხილება.

ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას ბექა ჩხიკვიშვილი ასრულებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ოფიციალურად მხოლოდ ტატა ბარამიძის განცხადებაა რეგისტრირებული კანცელარიაში.