კობა ფარტენაძე 2000 ლარით დაჯარიმდა – დეტალები და წინა ინციდენტები
18 აგვისტო, 2026
ცნობილი ტელეწამყვანი და მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გამოიტანა, ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით 17 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევისთვის. დაკავებიდან მალევე, ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილით გაათავისუფლეს.
ეს არ არის პირველი ინციდენტი, რომელშიც ბოლო პერიოდში კობა ფარტენაძე აღმოჩნდა. 2026 წლის 16 აგვისტოს მას თავს დაესხნენ, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, რომელი მუხლით არის აღძრული საქმე.
მანამდე, 2026 წლის 10 აგვისტოს, ბათუმში, ქუჩაში მასზე ფიზიკურად იძალადეს და სიტყვიერი მუქარა გამოთქვეს. ფარტენაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ემუქრება უცნობი პირი დაჭრით და იყენებს შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს, მათ შორის, მიუთითებს მის „შეღებილ თმაზე“.
ფარტენაძის განცხადებით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მას თავს დაესხნენ. 10 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. 12 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურამ ამ პირების ქმედებებში „სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივი“ დაინახა.