ადვოკატი კაკაბაძე: „დედა, ცოცხალი ვარ“ პოსტის ავტორის IP მისამართი დადგენილია

19 აგვისტო, 2026

 
ადვოკატი კაკაბაძე: „დედა, ცოცხალი ვარ“ პოსტის ავტორის IP მისამართი დადგენილია
 

12 წლის წინ მლეთიდან გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეში ახალი დეტალები ვლინდება. ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მან უკვე მოიპოვა ინფორმაცია იმ პირის IP მისამართის შესახებ, ვინც სოციალურ ქსელ Facebook-ში გურამ დადიანიძის გვერდზე შემზარავი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „დედა, ცოცხალი ვარ“.

„ტვ პირველის“ ცნობით, ადვოკატმა კაკაბაძემ დაადასტურა, რომ ზუსტად იცის, რომელი ქვეყნიდან და რა IP მისამართით განხორციელდა აღნიშნული ჩანაწერი. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დეტალების გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

„დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP მისამართი უკვე გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ მინდა ამის გამხელა, ხელი მეშლება გამოძიებაში“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, გაუჩინარებული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე კიდევ ერთი საეჭვო პოსტი გამოჩნდა, სადაც ეწერა „მოვიდა დრო“ (ასევე ითარგმნება, როგორც „ჩვენ დრომდე“ ან „წამოვიდა დროზე“). ამ დრომდე უცნობია, ვინ დგას ამ ჩანაწერების უკან და რა მიზანს ემსახურება ისინი.

გურამ დადიანიძის ოჯახის წევრები და ახლობლები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს ფაქტის სრულყოფილი გამოძიება და დაადგინოს საეჭვო პოსტების ავტორები, რათა ნათელი მოეფინოს 12 წლის წინანდელ გაუჩინარებასთან დაკავშირებულ ახალ გარემოებებს.