საქართველოს ბანკი და extra.ge: პარალიმპიელ ჩემპიონთა მხარდასაჭერად ახალი კამპანია
19 აგვისტო, 2026
საქართველოს ბანკი ახალ, მასშტაბურ კამპანიას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი პარასპორტსმენების მხარდაჭერასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ინიციატივა სახელწოდებით „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ მოუწოდებს ქართულ ბიზნესს, ჩაერთოს ამ მნიშვნელოვან საქმეში.
ამ ინიციატივის პირველი აქტიური მხარდამჭერი უკვე გამოვლინდა – ონლაინ მაღაზია extra.ge კამპანიას შეუერთდა და პარალიმპიელ ზაკო მუშკუდიანთან პარტნიორობა დაიწყო.
როგორც extra.ge-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი, მარიშა გოგოლაური აცხადებს, პარალიმპიელი ჩემპიონების მხარდაჭერა მათი დიდი გამარჯვებების გაზიარებას ნიშნავს, რაც შთამაგონებელია და შეგვახსენებს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა.
ქართველი პარასპორტსმენები არაერთხელ გამხდარან საერთაშორისო ასპარეზზე გამარჯვების სიმბოლო. ისინი მედლებს იგებენ, მსოფლიო რეკორდებს ამყარებენ და ქართული სპორტის ისტორიას წერენ. სამწუხაროდ, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ღვაწლი და მიღწევები ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ბანკი, რომელიც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია, მიზნად ისახავს პარასპორტსმენთა მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და სხვადასხვა ბრენდის ჩართვას ამ მნიშვნელოვან საქმეში. კამპანიის მთავარი ამოცანაა, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის სათანადო აღიარება და ყურადღება, რასაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ. პროექტი Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით განხორციელდა.
კამპანიის ფარგლებში უნიკალური ფოტოსერია შეიქმნა. ამ ფოტოებში პარალიმპიელები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არიან წარმოდგენილნი, თუმცა თითოეულ კადრში პროდუქტისა თუ ბრენდისთვის განკუთვნილი სივრცე შეგნებულად ცარიელია. ამ ცარიელ ადგილას კი მთავარი, პროვოკაციული კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
ეს კითხვა ქართულ ბიზნესს უქმნის შესაძლებლობასა და გამოწვევას – შეავსონ ეს სიმბოლური სიცარიელე და დაიწყონ გრძელვადიანი თანამშრომლობა ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან.