Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესოდ აღიარა
21 აგვისტო, 2026
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო მობილურ საბანკო აპლიკაციად დაასახელა. ეს მნიშვნელოვანი აღიარება ბანკმა „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ (World’s Best Digital Banks) 2026 წლის დაჯილდოების პირველი ეტაპის ფარგლებში მოიპოვა. საერთო ჯამში, საქართველოს ბანკმა ამ რაუნდში 33 ნომინაციაში გაიმარჯვა, როგორც რეგიონულ, ისე ქვეყნის მასშტაბით, როგორც სამომხმარებლო, ისე ბიზნეს მიმართულებებით, რაც მის ციფრულ ლიდერობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
საქართველოს ბანკის მობილბანკი ყოველთვიურად 1.9 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება, რომელთა 53% მას ყოველდღიურად იყენებს. აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს ყველა ძირითად საბანკო პროდუქტს, 800-ზე მეტი გადახდის პროვაიდერის სერვისს, ასევე საერთაშორისო და P2P გადარიცხვების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ საბანკო ოპერაციების გარდა, მობილბანკის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისებით, დაიწყონ ინვესტირება აშშ-ის საფონდო ბირჟაზე, ივაჭრონ 100-მდე კრიპტოვალუტით, მიიღონ ცხოვრების სტილზე მორგებული შეთავაზებები და ერთ სივრცეში მართონ ავტომობილთან, სახლთან ან მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. აპლიკაციაში ინტეგრირებული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტი მომხმარებელთა მომართვების 72%-ს ოპერატორის ჩარევის გარეშე აგვარებს, რაც სერვისის ეფექტურობას საგრძნობლად ზრდის.
„ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა. ეს ჯილდო ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომის დასტურია, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, მარტივი და ინოვაციური ციფრული გამოცდილების შექმნას. ჩვენი მიზანია, მობილბანკი იყოს არა მხოლოდ ფინანსური ოპერაციების ინსტრუმენტი, არამედ ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომელიც მომხმარებელს ფინანსების მართვას უმარტივებს“, – განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
Global Finance უკვე 27 წელია ავლენს მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს. გამარჯვებულები ისეთი კრიტერიუმებით განისაზღვრებიან, როგორებიცაა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის ეფექტურობა, ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ და მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი. გამარჯვებულებს აფასებენ ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ექსპერტები, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. 1987 წელს დაარსებული გამოცემა 196 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს და მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.