გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გასვლისკენ მოუწოდებს ომის 18 წლისთავზე
21 აგვისტო, 2026
გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ ფორმატში გამართულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თავიანთ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 18 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების – სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან და მისი შემდგომი უკანონო ოკუპაციიდან. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეჭრა საქართველოში, მეზობლების მიმართ აგრესიული პოლიტიკის საწყის ეტაპად შეფასდა. განცხადების ავტორების თქმით, რუსეთი ამ გზას აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი აგრესიითა და მეზობელი ქვეყნების მიმართ განხორციელებული უპასუხისმგებლო ქმედებებით.
დოკუმენტში მტკიცედაა დადასტურებული საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაგმობილია გაეროს ქარტიის უხეში დარღვევით განხორციელებული რუსეთის სამხედრო ინტერვენცია და მისი მუდმივი უკანონო სამხედრო ყოფნა საქართველოში. ასევე, გაკრიტიკებულია რუსეთის მიერ ეფექტიანი კონტროლის განხორციელება და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და თანამშრომლობის გაღრმავების“ შეთანხმება.
ქვეყნებმა მიესალმნენ ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და გაეწყვიტა მათთან დიპლომატიური ურთიერთობები. მოწოდება გაკეთდა იმ სახელმწიფოების მიმართაც, რომლებსაც დღემდე აღიარებული აქვთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა, მიბაძონ ნაურუს მაგალითს და პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
განცხადებაში მკაცრად დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განგრძობადი პროვოკაციები, მილიტარიზაცია, უკანონო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყება, ასევე ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები.
გახსენებული იქნა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებმაც არაერთხელ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებლის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებზე, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე.
დოკუმენტში ღრმა შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ რუსეთმა არ შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, არ გაიყვანა თავისი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და არ უზრუნველყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების (მაგალითად, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი) შეუფერხებელი დაშვება.
ერთობლივ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) და ლტოლვილთა უფლებების დაცვის აუცილებლობა და მათთვის უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების პირობების შექმნის მნიშვნელობა.
საბჭოს წევრი ქვეყნები ერთგულნი რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ფორმატის მიმართ და მხარს უჭერენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრების გაგრძელებას ერგნეთში, ხოლო გალის შეხვედრების დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებენ.
დასასრულ, განცხადების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და დაუშვას ორივე რეგიონში საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციები. ხაზგასმით აღინიშნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საჭიროება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის საფუძველზე.