ბახმაროში ავტომობილი ხრამში გადავარდა – მძღოლი უვნებელია
21 აგვისტო, 2026
ბახმაროს მიმართულებით მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გადავარდა ავტომობილი ხრამში. საბედნიეროდ, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, კერძოდ, უწყების პრესსამსახური, „გურია ნიუსთან“ საუბარში ადასტურებს მომხდარ ფაქტს. მათი ინფორმაციით, შემთხვევა 19 აგვისტოს დაფიქსირდა. მიუხედავად ავტომობილის ხრამში გადავარდნისა, მძღოლმა დროული რეაგირება მოახდინა და ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე, ინციდენტის დეტალების დაზუსტების მიზნით, ველოდებით კომენტარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. დამატებით ინფორმაციას, როგორც კი მივიღებთ, დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ.