„იავნანა“ ბულბულში: ქართული ენის შესწავლა უცხოეთში მცხოვრები ბავშვებისთვის

21 აგვისტო, 2026

 
„იავნანა“ ბულბულში: ქართული ენის შესწავლა უცხოეთში მცხოვრები ბავშვებისთვის
 

ქართული ენის შენარჩუნება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ მიზნით შექმნილი ინოვაციური პროექტი, „იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი“, უკვე სრულად ხელმისაწვდომია აუდიო ზღაპრების პოპულარულ პლატფორმა „ბულბულის“ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში.

ეს ინიციატივა „საქართველოს ბანკისა“ და „ბულბულის“ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. მისი ფარგლებში, პატარებსა და მათ მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოუსმინონ „იავნანას“ სამენოვან ვერსიებს, რაც ქართული ენის შესწავლის პროცესს კიდევ უფრო სახალისოსა და ეფექტურს ხდის.

„ბულბული“ წარმოადგენს ციფრულ სივრცეს, სადაც ბავშვებს 100-ზე მეტი ქართული ხალხური და კლასიკური ზღაპრის მოსმენა შეუძლიათ. პლატფორმა რეგულარულად ახლდება ახალი ჩანაწერებით, რომლებიც პროფესიონალი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული, რაც უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს და ბავშვებისთვის მიმზიდველობას.

პროექტი „იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი“ მიზნად ისახავს ქართული ენის ყოველდღიურ გარემოში ინტეგრირებას. ჩანაწერების უნიკალური მეთოდოლოგია გულისხმობს, რომ მარტივი სიტყვები და ფრაზები ჯერ ბავშვისთვის ნაცნობ ენაზე წარმოითქმის, შემდეგ კი ქართულად. ეს მიდგომა ხელს უწყობს ახალი ლექსიკის ადვილად დამახსოვრებასა და უკვე არსებულ ცოდნასთან დაკავშირებას.

როგორც „ბულბულის“ თანადამფუძნებელი, ნათია ამირიძე აღნიშნავს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმაზე მრავალფეროვან აუდიოკონტენტთან ერთად, ხელმისაწვდომი იყოს ისეთი საგანმანათლებლო რესურსებიც, როგორიცაა „იავნანას“ სამენოვანი ვერსიები. „გვჯერა, რომ ეს ჩანაწერები კიდევ უფრო მეტ ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, ქართული ენის მოსმენა ყოველდღიურობის ბუნებრივ და სასიამოვნო ნაწილად აქციოს და მასთან მტკიცე კავშირი შეინარჩუნოს“, – აცხადებს ამირიძე.

ამჟამად, „იავნანას – ქართული ენის პირველი გაკვეთილის“ ჩანაწერები ხელმისაწვდომია ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე. გარდა „ბულბულის“ პლატფორმისა, აღნიშნული ჩანაწერების მოსმენა ასევე შესაძლებელია YouTube-სა და SoundCloud-ზე.

„საქართველოს ბანკი“ წლებია აქტიურად უჭერს მხარს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, სთავაზობს რა მათ მრავალფეროვან შესაძლებლობებს საქართველოსთან, ქართულ ენასთან და კულტურასთან კავშირის გასამტკიცებლად.