„გალფი“ საქართველოს ბანკის კამპანიას უერთდება: პარალიმპიელ ჩემპიონებს მეტი მხარდაჭერა!

21 აგვისტო, 2026

 
„გალფი“ საქართველოს ბანკის კამპანიას უერთდება: პარალიმპიელ ჩემპიონებს მეტი მხარდაჭერა!
 

საქართველოს ბანკის ინიციატივით დაწყებულ კამპანიას „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც პარალიმპიელი სპორტსმენების მიღწევების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, მორიგი მსხვილი კომპანია, „გალფი“ შეუერთდა. „გალფი“ პარალიმპიური სპორტის გამორჩეულ წარმომადგენელთან, ირმა ხეცურიანთან იწყებს თანამშრომლობას, რითაც ხელს უწყობს მის მხარდაჭერასა და მიღწევების კიდევ უფრო მეტად წარმოჩენას.

„საქართველოს ბანკის“ მიერ, სარეკლამო სააგენტო Art & Qopy-ის დუეტთან ერთად შექმნილი კამპანიის მთავარი ამოცანაა, გაზარდოს ცნობადობა პარალიმპიელი ჩემპიონების შესახებ და წაახალისოს ქართული ბიზნესი, ჩაერთოს ამ მნიშვნელოვან საქმეში. ინიციატივის მიზანია, პარასპორტსმენებმა მიიღონ ის სათანადო ყურადღება და აღიარება, რასაც მათი თავდადება და წარმატებები იმსახურებს.

„ჩვენთვის პარალიმპიელი ჩემპიონის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ გამარჯვების მომენტში მის გვერდით დგომას. ჩვენ გვწამს, რომ მნიშვნელოვანია სპორტსმენის გვერდით ყოფნა წარმატებისკენ მიმავალ გზაზეც. ბიზნესის ჩართულობა გადამწყვეტია პარასპორტსმენების მიღწევების ხილვადობის გაზრდისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის კუთხით. სწორედ ამიტომ, სიხარულით ვაცხადებთ, რომ ირმა ხეცურიანის სპორტულ გზაზე მისი ერთგული მხარდამჭერები ვიქნებით“, — აცხადებს ნინო ჯიბლაძე, „გალფის“ მარკეტინგის დირექტორი.

კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების შთამბეჭდავი ფოტოსერია. ეს ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკას იმეორებს, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი განზრახ თავისუფალია. ამ ცარიელ სივრცეში კი მთავარი კითხვა ისმის: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

ეს კითხვა ქართულ ბიზნესს უპირისპირდება, როგორც გამოწვევა — შეავსონ ეს ცარიელი ადგილი და დაიწყონ პარტნიორობა საქართველოს პარალიმპიელ ჩემპიონებთან, რითაც მათ ღირსეულ მხარდაჭერას გამოუცხადებენ. პარალიმპიელები მზად არიან ახალი გამარჯვებებისთვის, ახლა კი ბრენდების ჯერია, გამოავლინონ სოციალური პასუხისმგებლობა და შეუერთდნენ ამ მნიშვნელოვან ინიციატივას.