უკრაინა აშშ-ისგან სამშვიდობო პროცესის გააქტიურებას ითხოვს: კიევს „კრეატიული იდეები“ აქვს

22 აგვისტო, 2026

 
უკრაინა აშშ-ისგან სამშვიდობო პროცესის გააქტიურებას ითხოვს: კიევს „კრეატიული იდეები“ აქვს
 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიგას განცხადებით, კიევს რუსეთთან ომის მშვიდობიანი მოგვარების პროცესთან დაკავშირებით „კრეატიული იდეები“ აქვს და ამერიკის შეერთებული შტატების გააქტიურებულ ჩართულობას ელოდება. ეს განცხადება მან კიევში, გერმანელ კოლეგასთან, იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სიბიგას თქმით, სამშვიდობო ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს, რადგან ამჟამად პროცესი პაუზის ფაზაშია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის ლიდერობა გადამწყვეტია სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად და აშშ-ის გარეშე ეს არარეალურია.

„ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური გააქტიურება. სამწუხაროდ, ახლა პაუზის ეტაპზე ვართ და ამერიკული მხარის უფრო აქტიური მონაწილეობა გვესაჭიროება. ჩვენ მივესალმებით ამერიკის ლიდერობას, რადგან აშშ-ის გარეშე ამ სიტუაციაში პროგრესისა და სამართლიანი მშვიდობის მიღწევა არარეალურია“, — განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

მინისტრმა ასევე გაიხსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს საკითხი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკვე განიხილა. კიევი ამერიკელი მოლაპარაკეების ვიზიტს ელოდება.

„ახალი აქტიური პოლიტიკურ-დიპლომატიური სეზონი, პირველ რიგში, იმისკენ უნდა იყოს მიმართული, თუ როგორ დავასრულოთ ეს ომი. ამისთვის კი ერთადერთი დაბრკოლება არსებობს — ეს პუტინია“, — დასძინა სიბიგამ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში იგეგმება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობის შეფასება. მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები — სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი — სავარაუდოდ, კიევს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას ეწვევიან.