ოკუპირებულ ცხინვალში „საპრეზიდენტო“ არჩევნებისთვის ოთხი „კანდიდატი“ დარეგისტრირდა

23 აგვისტო, 2026

 
ოკუპირებულ ცხინვალში „საპრეზიდენტო“ არჩევნებისთვის ოთხი „კანდიდატი“ დარეგისტრირდა
 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა.

როგორც დე ფაქტო ცესკოში განაცხადეს, ხუთი პრეტენდენტიდან, 2026 წლის 18 სექტემბერს დანიშნული ვადამდელი „არჩევნების“ საარჩევნო ბიულეტენში ოთხი „კანდიდატის“ სახელი შევა. შესაბამისი გადაწყვეტილებები დე ფაქტო უწყების სხდომებზე, 16, 20 და 22 აგვისტოს მიმდინარე წლის განმავლობაში მიიღეს.

დარეგისტრირებულ „კანდიდატებს“ შორის არიან:

  • მარატ კამბოლოვი (დაბადებული 1965 წელს) – მისი კანდიდატურა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება 2026 წლის 16 აგვისტოს დაამტკიცეს.
  • ზურაბ კოკოევი (დაბადებული 1960 წელს) – იგი პოლიტიკურმა პარტია „ერთიანობამ“ წარადგინა. მისი რეგისტრაციის გადაწყვეტილება 2026 წლის 20 აგვისტოს მიიღეს.
  • მურატ ვალიევი (დაბადებული 1989 წელს) – მისი კანდიდატურა რესპუბლიკურმა პოლიტიკურმა პარტია „ალანიის პატრიოტებმა“ დაასახელა. რეგისტრაციის შესახებ დადგენილება 2026 წლის 22 აგვისტოს მიიღეს.
  • ყაზბეგ კოდოევი (დაბადებული 1974 წელს) – მისი წარდგენა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მოხდა. რეგისტრაციის გადაწყვეტილება 2026 წლის 22 აგვისტოს მიიღეს.

რეგისტრაციაზე უარი ეთქვა ხოხ ჩოჩიევს (დაბადებული 1990 წელს), რომელიც პოლიტიკური პარტია „ირი ფარნის“ მიერ იყო წარდგენილი. დე ფაქტო ცესკოს 20 აგვისტოს დადგენილებით, მისი კანდიდატურა არ დაკმაყოფილდა. უარის მიზეზად დასახელდა წარდგენილი დოკუმენტებისა და ხელმოწერების ფურცლების შეუსაბამობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

კერძოდ, გამოვლინდა, რომ ნამდვილი და სარწმუნო ხელმოწერების რაოდენობა კანონით დადგენილ მინიმუმზე (1750 ხელმოწერა) ნაკლები იყო. ასევე, არ შესრულდა მოთხოვნა ხუთივე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონიდან სულ მცირე 150 ხელმოწერის შეგროვების შესახებ, დარღვევები დაფიქსირდა ცხინვალის, ახალგორისა და ჯავის რაიონებში. გარდა ამისა, უწყების ცნობით, დარღვევები გამოვლინდა ხელმოწერების ფურცლების გაფორმებისას, არ იყო წარდგენილი ფინანსური დოკუმენტების სავალდებულო დანართები და არ დადასტურდა სახელმწიფო ენის ფლობა, რაც „კანდიდატისთვის“ სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს.

2026 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე დე ფაქტო ცესკომ ასევე დაამტკიცა ე.წ. „საპრეზიდენტო“ ვადამდელი არჩევნებისთვის საჭირო საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. კანონმდებლობის საფუძველზე, ბიულეტენების ტირაჟი 40 000 ცალის ოდენობით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ეს რაოდენობა უკვე რამდენიმე საარჩევნო კამპანიის განმავლობაში უცვლელი რჩება.