სოფელ მერიის ხიდის მშენებლობა: მორიგი გადავადება და ახალი ვადა

25 აგვისტო, 2026

 
სოფელ მერიის ხიდის მშენებლობა: მორიგი გადავადება და ახალი ვადა
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მიმდინარე ხიდის მშენებლობის პროექტი დაგეგმილ ვადებში ვერ სრულდება. ადგილობრივები მოუთმენლად ელოდებიან ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლას, თუმცა პროექტის დასრულების თარიღი უკვე რამდენჯერმე გადაიწია, რაც საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.

თავდაპირველი გეგმით, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის მაისში იყო დაგეგმილი. მოგვიანებით, ვადა ივნისამდე გადაიწია, შემდეგ კი ივლისის ბოლოს დაინიშნა, როგორც საბოლოო თარიღი. ამჟამინდელი ინფორმაციით, სოფლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდი სექტემბერში იქნება მზად.

სამშენებლო პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ობიექტის სამუშაოთა მწარმოებელმა, ზვიად ვარდოსანიძემ, რამდენიმე თვის წინ „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში უამინდობა და მდინარის ადიდება დაასახელა მიზეზად. მისი თქმით, „სამშენებლო სამუშაოების დროს არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. რამდენიმე დღის წინ ადიდებული იყო მდინარე, ასევე ხშირად არის უხვი ნალექი, რაც ხელს გვიშლის სამუშაოების დასრულებაში“.

მიუხედავად განმეორებითი გადავადებებისა, მშენებლობა კვლავ აქტიურ ფაზაშია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თაზო ჩავლეშვილის განცხადებით, პროექტის საბოლოო დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია მოსალოდნელი. „ამ საკითხზე გზების დეპარტამენტსა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს ვესაუბრე. მათგან მიღებული ინფორმაციით, სამუშაოები წელს, სექტემბერში დასრულდება. პროექტის დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და პროცესი ფინალურ ეტაპზეა“, — განმარტა ჩავლეშვილმა.

მერიის სოფელში ხიდის მშენებლობის სამუშაოებს შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ ახორციელებს, რომელსაც ახალი ვადების დაცვის პასუხისმგებლობა ეკისრება.