„საქართველოს ბანკი“ Global Finance-ის ვერსიით, სოციალური მედიის ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
25 აგვისტო, 2026
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სოციალური მედია მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა. ეს პრესტიჟული ჯილდო ბანკს World’s Best Digital Banks 2026-ის ფარგლებში გადაეცა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ინოვაციურ მიდგომებს ციფრულ სივრცეში.
„საქართველოს ბანკისთვის“ სოციალური მედია არ არის მხოლოდ საკომუნიკაციო არხი; ის მომხმარებელთან უწყვეტი და ეფექტური დიალოგის მთავარ საშუალებას წარმოადგენს. ბანკის მიერ დანერგილი თანამედროვე სისტემები შესაძლებელს ხდის სოციალური მედიის გავლენის ზუსტად გაზომვას – მომხმარებლის პირველი ინტერაქციიდან კონკრეტული საბანკო პროდუქტის გამოყენებამდე, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, მუდმივად გააუმჯობესოს საკუთარი სტრატეგია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიისა და ციფრული ჩართულობის გუნდში ინტეგრირებულია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კონტენტის შექმნის სისტემა. ეს ინოვაციური გადაწყვეტა „საქართველოს ბანკს“ საშუალებას აძლევს, დროულად მოერგოს სოციალური მედიის პლატფორმებისა და მომხმარებელთა ქცევის ცვალებად ტენდენციებს, და რაც მთავარია, შექმნას სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული, მაღალი ხარისხის კონტენტი.
„ეს აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ასახავს იმ მიდგომას, რომელსაც წლებია ვავითარებთ. სოციალური მედია ჩვენთვის მხოლოდ საკომუნიკაციო არხი არ არის; ეს არის სივრცე, სადაც კონტენტი, მონაცემები და მომხმარებლის გამოცდილება ერთიანდება და საბოლოოდ გაზომვად ბიზნესშედეგს ქმნის. მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი მომხმარებლები არიან, გავიგოთ მათი საჭიროებები და შევქმნათ მათზე მორგებული კონტენტი“, – განაცხადა ნინუცა ოქროპირიძემ, „საქართველოს ბანკის“ კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ჯილდოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის გუნდია, რომელიც ამ შედეგის უკან დგას. გუნდი, რომელიც დაუღალავი შრომით, წლებია, ქმნის სოციალური მედიის სტანდარტს ქვეყანაში და ცდილობს მის კიდევ უფრო მაღლა აწევას. „მიუხედავად დაგროვილი გამოცდილებისა და კომპეტენციისა, მუდმივად ვეძებთ სიახლეს, ვსწავლობთ და ვვითარდებით, რათა ყოველი შემდეგი შედეგი წინაზე უკეთესი იყოს. Global Finance-ის ეს ჯილდო სოციალური მედიისა და ციფრული ჩართულობის გუნდების ერთობლივი შრომის საერთაშორისო აღიარება და მოტივაციაა, რომ მიღწეულზე არ გავჩერდეთ“, – დასძინა ოქროპირიძემ.
Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 27 წელია ავლენს. გამარჯვებულები ფასდებიან ისეთი მკაცრი კრიტერიუმებით, როგორებიცაა ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ციფრული ინიციატივებით მიღებული ხელშესახები სარგებელი და ვებ და მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი.
გამარჯვებულებს აფასებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური კომპანიის, Infosys-ის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. 1987 წელს დაარსებული Global Finance 196 ქვეყანაში 50 000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს და რეგულარულად ავლენს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების პროვაიდერებს მსოფლიოს მასშტაბით.