გოგოლესუბნის სკოლა გამოცდილი პედაგოგის, ჯემალ მამარდაშვილის გარდაცვალებას გლოვობს

25 აგვისტო, 2026

 
გოგოლესუბნის სკოლა გამოცდილი პედაგოგის, ჯემალ მამარდაშვილის გარდაცვალებას გლოვობს
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწის, ჯემალ მამარდაშვილის გარდაცვალების გამო. სამწუხარო ინფორმაცია სკოლის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.

სკოლის განცხადების თანახმად, ბატონი ჯემალი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თავდადებითა და უანგაროდ ემსახურებოდა მოზარდი თაობების აღზრდასა და განათლებას. იგი იყო არა მხოლოდ საგნის პედაგოგი, არამედ ცხოვრების დიდი მოძღვარი, რომლისთვისაც უმთავრეს მისიას სამართლიანობის, რწმენისა და სიკეთის გზის ჩვენება წარმოადგენდა.

კოლეგები და აღსაზრდელები მას ახასიათებენ როგორც უაღრესად პასუხისმგებიან, ნიჭიერ, ინტელექტუალურ და საქმისადმი უსაზღვროდ ერთგულ პიროვნებას. მამარდაშვილი გამორჩეული შრომისმოყვარეობითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩეოდა, რის გამოც ყოველთვის სარგებლობდა კოლეგებისა და მთელი მუნიციპალიტეტის კულტურული საზოგადოების უდიდესი პატივისცემით.

განსაკუთრებული იყო მისი წრფელი და თბილი დამოკიდებულება როგორც თანამშრომლების, ისე თითოეული მოსწავლის მიმართ. იგი მუდამ იქნება სულის სიძლიერის, მიზანდასახულობის, პატიოსნებისა და ერთგულების ნათელი მაგალითი. ჯემალ მასწავლებელი თავის მოსწავლეებს საუკეთესო იდეებს უზიარებდა, რადგან თავად იყო კეთილშობილებისა და სინდისის განსახიერება.

სამაგალითო იყო მისი ოჯახური ცხოვრებაც – ის იყო მოსიყვარულე მამა და ბაბუა, რომელიც უსაზღვროდ გულთბილი და მზრუნველი გახლდათ თავისი შვილებისა და შვილიშვილების მიმართ.

გოგოლესუბნის საჯარო სკოლა აღნიშნავს, რომ ჯემალ მამარდაშვილმა ღვთისა და ქვეყნის წინაშე ამქვეყნიური ვალი უანგაროდ აღასრულა, მისი ხსოვნა უკვდავი იქნება და სამუდამოდ დარჩება მათ გულებში, ვისაც კი შეხება ჰქონდა ამ ღირსეულ ადამიანთან.