საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „დომუსი“ ავლაბარში მასშტაბურ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს

26 აგვისტო, 2026

 
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „დომუსი“ ავლაბარში მასშტაბურ მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს
 

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას, რაც ქალაქის ურბანული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით, წამყვანი დეველოპერული კომპანია „დომუსი“ თბილისში, იალბუზის ქუჩა #14-ში, ახალ, მასშტაბურ მრავალფუნქციურ პროექტს – „დომუს ავლაბარს“ ახორციელებს. ეს პროექტი მიზნად ისახავს ისტორიული ავლაბრის უბნის თანამედროვე მოთხოვნებთან შეთავსებას, ქალაქის იერსახის შენარჩუნებით.

„დომუს ავლაბარის“ ჯამური ღირებულება 37.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის ინვესტიცია 26.3 მილიონი აშშ დოლარია. ეს ფინანსური ჩართულობა ხაზს უსვამს ბანკის მზაობას, მხარი დაუჭიროს მსხვილმასშტაბიან პროექტებს, რომლებიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ წინსვლას.

პროექტი 6,282 კვადრატული მეტრის ფართობზეა გაშლილი და ჰარმონიულად აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ სივრცეებს. კომპლექსი მოიცავს ორ ბლოკს: A ბლოკი წარმოადგენს 23-სართულიან საცხოვრებელ შენობას, რომელიც 220 ბინას დაიტევს. B ბლოკი კი 10-სართულიანია და მთლიანად საოფისე და კომერციულ ფუნქციას შეითავსებს; მისი 9 სართული ოფისებს დაეთმობა, პირველ სართულზე კი მრავალფეროვანი ფუდკორტი განთავსდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და თანამშრომლებს კვების ობიექტების ფართო არჩევანს შესთავაზებს.

„დომუს ავლაბარი“ არ შემოიფარგლება მხოლოდ შენობებით. კომპლექსი გამწვანებულ სივრცეს მოიცავს საბავშვო ზონით, რაც ოჯახებისთვის და ბავშვებისთვის დასვენებისა და გართობის შესაძლებლობას ქმნის. ასევე, გათვალისწინებულია ოთხდონიანი მიწისქვეშა პარკინგი, ელექტრომობილების დამტენის მოწყობის პერსპექტივით, რაც თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებს პასუხობს. პროექტის კომფორტს სრულყოფს კონსიერჟის სერვისი, რომელიც მაცხოვრებლებისა და ოფისის თანამშრომლების ყოველდღიურ საჭიროებებს მოემსახურება.

პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი მისი ადგილმდებარეობისა და არქიტექტურული კონცეფციის სინთეზია. „დომუს ავლაბარი“ თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიტუალების სასახლის სიახლოვეს მდებარეობს. MUA Architecture & Placemaking-ის მიერ შემუშავებული არქიტექტურული ხედვა გულისხმობს ისტორიულ გარემოსთან ფრთხილ და დელიკატურ დიალოგს: შენობების განლაგება ისეა დაგეგმილი, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს რიტუალების სასახლის ხედვის არეალი, ხოლო ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები ორგანულად ეხმიანება უბნის ქვის არქიტექტურას, რაც უზრუნველყოფს კომპლექსის ინტეგრირებას არსებულ ლანდშაფტში. განსხვავებული სიმაღლის საცხოვრებელი და საოფისე ბლოკები კი ერთიან, ჰარმონიულ არქიტექტურულ კომპოზიციას ქმნის.

„დომუსისთვის პროექტის განხორციელება მხოლოდ ახალი შენობის აშენებას არ გულისხმობს. ჩვენი მიზანია, ყოველმა პროექტმა ქალაქის ისტორიაში თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს და ამასთანავე, უზრუნველყოს თანამედროვე ცხოვრების უმაღლესი ხარისხი. „დომუს ავლაბარის“ შემთხვევაში ეს განსაკუთრებით საინტერესო გამოწვევა იყო, რადგან ავლაბარი ჩვენთვის ახალი ეტაპია – პირველად ვქმნით პროექტს ასეთ ისტორიულ და გამორჩეულ ურბანულ გარემოში, სადაც თანამედროვე არქიტექტურა ქალაქის მდიდარ მეხსიერებას უნდა ესაუბროს“, – განაცხადა „დომუსის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, თათია მიხელიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ არქიტექტურა გარემოსგან განცალკევებულ ობიექტად არ დარჩენილიყო, არამედ ბუნებრივად გამხდარიყო მისი განუყოფელი ნაწილი. ეს მიდგომა პროექტის მთელ კონცეფციას გასდევს: საცხოვრებელი, სამუშაო და ყოველდღიური საჭიროებები ერთიან, ინტეგრირებულ გარემოშია გაერთიანებული. პანორამული ხედები ძველ თბილისზე, ბუნებრივი სინათლე, გამწვანებული სივრცე, საბავშვო ზონა, ფუდკორტი და კონსიერჟის სერვისი ქმნის გარემოს, რომელიც თანამედროვე ყოველდღიური ცხოვრების მრავალფეროვან მოთხოვნებს სრულად პასუხობს.

პროექტში ასევე ნათლად აისახება „დომუსის“ ძირითადი ღირებულებები: ხარისხი, ინოვაცია და მწვანე არქიტექტურა. გამოყენებულია ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები, გათვალისწინებულია ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის მაქსიმალური გამოყენება, უზრუნველყოფილია აკუსტიკური კომფორტი, გამოყენებულია გამძლე მასალები და დანერგილია თანამედროვე საინჟინრო სისტემები. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ პროექტმა დროთა განმავლობაშიც შეინარჩუნოს თავისი მაღალი ღირებულება და იყოს მდგრადი.

„„დომუს ავლაბარის“ განხორციელებაში საქართველოს ბანკთან მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას ვაგრძელებთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, „დომუსი“ საქართველოს ბანკის იპოთეკურ პროგრამაში ერთვება, ხოლო SOLO-ს მომხმარებლებისთვის პროექტში სპეციალური, ექსკლუზიური შეთავაზებები იქნება ხელმისაწვდომი. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა და პროექტის ინოვაციური კონცეფცია ადამიანებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, ძველი თბილისის ავთენტური ხასიათი და თანამედროვე ქალაქური ცხოვრების უმაღლესი კომფორტი ერთ სივრცეში აღმოაჩინონ“, – დაამატა თათია მიხელიძემ.

„საქართველოს ბანკისთვის უმნიშვნელოვანესია პარტნიორი კომპანიების განვითარების ყველა ეტაპზე მხარდაჭერა. მოხარული ვართ, რომ „დომუსთან“ მრავალწლიანი, წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვუჭერთ მხარს. გვჯერა, რომ მსგავსი თანამედროვე საცხოვრებელი, სამუშაო და კომერციული სივრცეების განვითარება თბილისში ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ურბანული გარემოს პროგრესულ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ.