Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარა
26 აგვისტო, 2026
საერთაშორისო დონის ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა. ეს პრესტიჟული აღიარება ბანკს „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა ასევე მოიპოვა ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის წოდება ბიზნესის მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით. ჯამში, პირველ ეტაპზე, ბანკმა 33 ნომინაციაში გაიმარჯვა როგორც რეგიონულ, ისე ადგილობრივ დონეზე, როგორც კერძო, ისე კორპორატიული კლიენტების მომსახურების სფეროში.
ბანკის ინოვაციური ხედვა მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ფინანსურ სერვისებზე წვდომის მაქსიმალურად გამარტივებას, იმ პროცედურების ციფრულ პლატფორმაზე გადატანით, რომლებიც ადრე სპეციალისტის ჩართულობას ან ფილიალში ვიზიტს მოითხოვდა. ამის ნათელი მაგალითია საინვესტიციო ანგარიშის გახსნა ერთ წუთზე ნაკლებ დროში, ან ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების შეძენა 1 დოლარიდან. გარდა ამისა, საქართველოს ბანკმა მობილბანკის აპლიკაციაში კრიპტოვალუტებით ვაჭრობის შესაძლებლობა შესთავაზა მომხმარებლებს, სადაც ამჟამად 100-ზე მეტი კრიპტო აქტივია ხელმისაწვდომი.
ტექნოლოგიური წინსვლის კიდევ ერთ ნიმუშს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის მქონე ასისტენტი, რომელიც მომხმარებელთა მომართვების 72%-ს ოპერატორის ჩარევის გარეშე აგვარებს, რაც კმაყოფილების 91%-იან მაჩვენებელს უზრუნველყოფს. „შემდეგი საუკეთესო შეთავაზების“ (Next-Best-Offer) სისტემა კი 150-ზე მეტ ქცევით ცვლადს აანალიზებს და მომხმარებლებს მათ ინტერესებზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს. ბიზნესებისთვის, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი მათ 1.9 მილიონ მომხმარებელთან აკავშირებს, ხოლო ღია API პლატფორმა (api.bog.ge) ფინტექ კომპანიებსა და ERP სისტემებს ბანკის სერვისების პირდაპირი ინტეგრაციის საშუალებას აძლევს.
„ჩვენი მთავარი მიზანია, ფინანსური სერვისები მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და მათ საჭიროებებზე მორგებული გახდეს. Global Finance-ის მიერ ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარება სწორედ ამ სტრატეგიის წარმატებულობას ადასტურებს. ჩვენ განუწყვეტლივ ვმუშაობთ პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და განვითარებაზე, რაც მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსების ეფექტურად მართვაში ეხმარება, ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს და ციფრულ გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულს ხდის. ეს ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ინოვაცია მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არ არის – ის მომხმარებლის რეალური საჭიროებების ღრმა გააზრებასა და მათთვის პრაქტიკული ღირებულების შექმნას გულისხმობს“, – განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
Global Finance-ი მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს 27 წელია ავლენს. გამარჯვებულები მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან, მათ შორის: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული სერვისების გამოყენების მაჩვენებელი, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ და მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი. გამარჯვებულებს აფასებს ტექნოლოგიური და საკონსულტაციო გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ექსპერტთა ჟიური, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ. 1987 წელს დაარსებული გამოცემა 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს და მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და მაღალი სტანდარტის ნიშნად ითვლება.