შინდისის გმირის შვილისთვის სწავლის თანხა პედაგოგებმა შეაგროვეს: აფხაზავა განათლების რეალობაზე
26 აგვისტო, 2026
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ათასობით წარმატებული აბიტურიენტი, რომელმაც საგამოცდო ბარიერი წარმატებით გადალახა, უმაღლესი განათლების მიღმა დარჩა. არსებული მონაცემებით, კონკურსგარეშე დარჩენილთა შორის არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებმაც გამოცდებზე მაღალი შეფასებები მიიღეს, თუმცა უნივერსიტეტებში მკვეთრად შემცირებული ადგილების გამო სასურველ ფაკულტეტებზე ჩარიცხვა ვერ შეძლეს.
ადგილების დრამატული კლება განსაკუთრებით თვალსაჩინოა წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გასულ წელს 4 200-ზე მეტი ადგილი იყო გამოყოფილი, ახალი რეგულაციებით კვოტა დაახლოებით 92%-ით შემცირდა და მხოლოდ 300 სტუდენტის მიღებაა შესაძლებელი.
„უფასო განათლების“ დაპირებასა და არსებულ რეალობას შორის არსებულ დიდ შეუსაბამობაზე საუბრობს ცნობილი პედაგოგი ლადო აფხაზავა. მან მაგალითად მოიყვანა შინდისის გმირის შვილის, მარიამ წილოსანის შემთხვევა, რომელსაც სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადახდა მოსთხოვეს.
„მარიამმა ტირილი დაიწყო, რადგან იცის, რომ მის ემიგრანტ დედას სულ რამდენიმე თვის წინ სამსახური გაუუქმდა. უსახსრობის გამო მან გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტში აღარ წასულიყო. ამის შემდეგ, მე და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა სხვა პედაგოგებმა ერთი სასწავლო წლის თანხა მოვაგროვეთ და მარიამს გადავურიცხეთ. მთელი საქართველო საუბრობდა უფასო განათლებაზე, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა ყველასთვის“, — განაცხადა ლადო აფხაზავამ „ტვ პირველთან“ საუბარში.