ოზურგეთის საკრებულომ მერის გადადგომა მიიღო და მერის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა
26 აგვისტო, 2026
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები დაადასტურა, რაც მერის უფლებამოსილების შეწყვეტას, ახალი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნასა და საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს. სხდომაზე განხილული საკითხები საკრებულოს წევრმა, მარი ჩხიკვიშვილმა წარმოადგინა.
საკრებულოს ცნობად მიღებულ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, პაატა კუნჭულიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია. როგორც გაირკვა, კუნჭულიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, რის შესახებაც საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართა. მარი ჩხიკვიშვილმა აღნიშნა, რომ სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად იმოქმედა და დადებითი დასკვნა წარმოადგინა.
„წარმოგიდგენთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, რომელიც ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტას... ბატონმა პაატა კუნჭულიამ პირადი განცხადების საფუძველზე მომართა საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ახლა წარმოგიდგენთ საკითხს ცნობად მიღების თაობაზე“, — განაცხადა ჩხიკვიშვილმა და ყოფილ მერს მომავალ სამეცნიერო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შემდგომში, საკრებულომ მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძე დანიშნა. მარი ჩხიკვიშვილის თქმით, ანთაძე „კარგი ოზურგეთელი, წარმატებული ადამიანია“, რომლის გამოცდილება, განათლება და კვალიფიკაცია ოზურგეთისთვის სასიკეთო იქნება. საკრებულოს წევრებმა გია ანთაძის დანიშვნას მხარი ერთხმად, ხელის აწევით დაუჭირეს.
დღის წესრიგის მესამე საკითხის მიხედვით, უფლებამოსილება შეუწყდა საკრებულოს წევრს, ტატა ბარამიძესაც, რომელსაც სხდომის მონაწილეებმა ასევე წარმატებული კარიერა უსურვეს.
საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩიაც. „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო პაატა კუნჭულიამ და ეს მისი ნებაა. წარმატებები ვუსურვოთ პაატა კუნჭულიას იქ, სადაც გააგრძელებს კარიერას. კოლეგებო, ასევე ჩვენ ყველა ვიცნობთ გია ანთაძეს. ის ერთ-ერთი საუკეთესო კადრია და ნამდვილად მინდა ვუსურვო წარმატება. მჯერა, იქნება კიდეც ერთ-ერთი საუკეთესო მერი“, — განაცხადა დარჩიამ და იმედი გამოთქვა, რომ გია ანთაძის ხელმძღვანელობით აღმასრულებელი ხელისუფლება გაუმჯობესდება.